ინფლაცია

ივლისის მდგომარეობით წლიური ინფლაცია 11.9%-ია – რა გაძვირდა ყველაზე მეტად

Reuters

საქსტატით მიხედვით, 2021 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ფასები კიდევ 1.3%-ით გაძვირდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ინფლაციის მაჩვენებელი 11.9%-ია.

წლიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები

ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.43 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (48.0%), ბოსტნეული და ბაღჩეული (35.4%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.1%), რძე, ყველი და კვერცხი (15.4%), პური და პურპროდუქტები (12.4%), თევზეული (11.5%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.4%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (5.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (4.7%).

ტრანსპორტი

ფასები გაიზარდა 22.5%-ით, რაც 2.65 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (33.2%), სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.8%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.7%).

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი

ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11.1%-იანი მატება, რაც 1.65 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (13.6%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (8.7%), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5%). ამასთან, ფასები შემცირდა საცხოვრებელზე ფაქტიური გადასახადის ქვეჯგუფზე (-3.8%).

ჯანმრთელობის დაცვა

ჯგუფში ფასები მომატებულია 11.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.89 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (19.8%), საავადმყოფოების მომსახურების (5.3%) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (3.8%) ქვეჯგუფებზე.

საქსტატი

 

კომენტარები