საქართველოს საფონდო ბირჟა

ხუთ თვეზე მეტია, საქართველოს საფონდო ბირჟაზე არცერთი ტრანზაქცია არ შემდგარა 

ხუთ თვეზე მეტია, რაც საქართველოს საფონდო ბირჟაზე არცერთი გარიგება არ შემდგარა და საშუალო ბრუნვა ნული ლარის ტოლია. 

უკანასკნელი ტრანზაქცია თებერვალში შედგა, მისი მოცულობა კი 366 ლარი იყო. 

2021 წლის მარტში, აპრილში, მაისში, ივნისსა და ივლისში კი საშუალო  დღიური ბრუნვა ნული ლარია. 

სსბ-ის ინფორმაციით, ბირჟაზე 28 კომპანიის ფასიანი ქაღალდებია განთავსებული და მათი ჯამური მოცულობა 727 მილიონ დოლარს შეადგენს, თუმცა გასული თვის განმავლობაში ბირჟაზე ვაჭრობა არ შემდგარა და, შესაბამისად, თვიური ბრუნვა 0 ლარის ტოლი იყო.

სულ 2021 წლის განმავლობაში საფონდო ბირჟაზე 8 გარიგება შედგა, რომელთა საერთო ღირებულებამ 2 453 ლარი შეადგინა.

"საქართველოს საფონდო ბირჟა არის ერთადერთი მოქმედი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა და ფუნქციონირებს ამერიკელი ექსპერტების დახმარებით შემუშავებულ საკანონმდებლო ჩარჩოებში. სსბ აკმაყოფილებს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის საერთაშორისოდ დამკვიდრებული პრაქტიკის ყველა საბაზისო მოთხოვნას.ჩვენ ვთავაზობთ ეფექტურ საინვესტიციო მექანიზმს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ინვესტორებს.

სსბ-ის ელექტრონული სავაჭრო სისტემა ბროკერებს ათასობით სხვადასხვა აქციით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს სამუშაო ადგილებიდან, რომლებიც განლაგებულია როგორც სსბ-ის სავაჭრო დარბაზში, ასევე საბროკერო კომპანიათა ოფისებში - დისტანციური წვდომის ტერმინალების დახმარებით". – წერია სსბ-ის ოფიციალურ გვერდზე.

კომენტარები