ცენზურა ჩინეთში

ჩინეთის კომუნისტური მთავრობის კრიტიკოს მილიარდერს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სი ძინფინგი

ჩინეთის კომუნისტური მთავრობის კრიტიკოს მილიარდერს, სუნ დავუს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

წლების განმავლობაში დავუ საჯაროდ საუბრობდა 2019 წელს აფრიკული გრიპის გავრცელების შესახებ, რომელმაც 100 მილიონზე მეტი პირუტყვი იმსხვერპლა. მისი თქმით, ჩინეთის კომუნისტურმა მთავრობამ მიზანმიმართულად დამალა ინფორმაცია და სამხილები ვირუსის გავრცელების შესახებ. 

გარდა ამისა, ის საჯაროდ აკრიტიკებდა მთავრობის ეკონომიკურ და საშინაო პოლიტიკას. 

2021 წლის მაისში ის დააკავეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავუს ბრალად ედება: საჯარო სამსახურებისთვის მუშაობაში ხელის შეშლა, საჯარო დაწესებულებების დარბევა, ჩხუბის წამოწყება და პროვოცირება, წარმოებისა და ოპერაციების შეფერხება, იძულებითი ვაჭრობა, უკანონო მოპოვება, მიწის უნებართვოდ დაკავება და საზოგადო სიკეთის მითვისება. 

ჩინეთის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის [CHRD] შეფასებით, დავუს დაკავება და სასამართლო პროცესი პოლიტიკურად იყო მოტივირებული და ის მთავრობამ ადამიანის უფლებების დაცვის გამო სამაგალითოდ დასაჯა. 

"სუნ დავუს უდიდესი წვლილი მიუძღვის სოფლად მცხოვრები ჩინელი მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებაში, ის ეკონომიკურად დაუცველი ადამიანების უფლებებისათვის იბრძოდა". – თქვა CHRD-ის მკვლევარმა, რამონა ლიმ. 

დავუ სასოფლო-სამეურნეო კომპანიების, Hubei Dawu-სა და Animal Husbandry Group-ის ხელმძღვანელია, რომელიც 9 000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. 

სუნ დავუ

ბოლო წლებში ჩინეთის კომუნისტური მთავრობის პოლიტიკა კრიტიკოსებისა და აქტივისტების მიმართ გამკაცრდა. 

მმართველი პარტია მეწარმეებისა და ბიზნესმენებისგან უსიტყვო მორჩილებას და "პოლიტიკურ გონიერებას" მოითხოვს. 

გასული წლის სექტემბერში მილიარდერ მეწარმეს, რენ ჟიქიანგს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ექსპერტების შეფასებით, მისი დაკავების მთავარი მიზეზიც მთავრობის მიმართ ნეგატიური განწყობის ქონა და პარტიის საჯაროდ გაკრიტიკება იყო. 

ჟიქიანგი მთავრობას COVID-19-თან დაკავშირებული საკითხების გამო აკრიტიკებდა და მან ქვეყნის ლიდერს, სი ძინფინგს "ძალაუფლებას მოწყურებული კლოუნი" უწოდა. 


15 იანვარს ჩინეთის ლიდერმა, სი ძინფინგმა თქვა, რომ რეგულაციების ახალი ტალღა კერძო კომპანიების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესის მხოლოდ დასაწყისია და ჩინეთი უფრო მკაცრად მიუდგება ისეთი კომპანიებს, რომელთაგან პოტენციური საფრთხე მომდინარეობს. 

ექსპერტთა ნაწილი ჩინეთის მიდგომას Alibaba-სა და სხვა ტექნოლოგიური კომპანიების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მათი თქმით, კომუნისტური მთავრობა სჯის იმ კომპანიებს, რომლებიც არ ემორჩილებიან პარტიულ ნებას და აკრიტიკებენ ჩინეთის მთავრობას. 

Alibaba-ს წინააღმდეგ ჩინეთის მთავრობამ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეკ მამ ჩინეთის მარეგულირებელი ორგანო და კომუნისტური მთავრობა საჯაროდ გააკრიტიკა. 

მისი სიტყვით გამოსვლიდან რამდენიმე დღეში ჯეკ მას Ant Group-ის $37 მილიარდიანი პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO) მთავრობამ შეაჩერა.

2021 წელს კი მამ ჩინეთის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაკარგა

კომენტარები