კორონავირუსი

ისრაელის პარლამენტის კომიტეტმა საქართველოს "წითელ ზონაში" შეყვანაზე კენჭისყრა გადადო

ისრაელის პარლამენტის იურიდიულმა და საკონსტიტუციო კომიტეტმა გადადო იმ ქვეყნების სიის გაფართოებაზე კენჭისყრა, რომლებშიც ისრაელის მოქალაქეებს ეპიდმდგომარეობის გამო გამგზავრება ეკრძალებათ. კომიტეტი ე.წ "წითელ ზონაში" საქართველოს, დიდი ბრიტანეთის, კვიპროსის და თურქეთის შეყვანას განიხილავს.

ამ ქვეყნებში მოგზაურობა ისრაელის მოქალაქეებს 30 ივლისიდან უნდა აკრძალოდათ, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარე გილად კარივმა კენჭისყრამდე მთავრობისგან დამატებითი ინფორმაცია მოითხოვა ისრაელში იზოლაციის მოთხოვნების შესრულების და წითელი ზონის ქვეყნების სტუმრობისთვის სპეციალური ნებართვის მისაღებად მოქმედი ზომების ეფექტიანობის შესახებ.

"შეუძლებელია აკრძალული ქვეყნების სიის გაფართოება, მაშინ როცა არ არის შესამჩნევი პროგრესი უფრო პროპორციული ზომების დაწესების და შესრულების თაობაზე აქ ისრაელში. კომიტეტი ელის, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით მიიღებს ყოვლისმომცველ, განახლებულ ინფორმაციას, მანამ სანამ სიაში მეტ ქვეყანას დაამატებს". – თქვა გილად კარივმა.

ამჟამად იმ ქვეყნების რიცხვს, რომელშიც ისრაელი მიიჩნევს, რომ ინფიცირების ყველაზე მაღალი რისკია, ეკუთვნის არგენტინა, ბელარუსი, ბრაზილია, ინდოეთი, ყირგიზეთი, მექსიკა, რუსეთი, ესპანეთი, სამხრეთ აფრიკა და უზბეკეთი.

კომენტარები