ეკონომიკა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ დამატებით 35 მილიონი ლარის ვალდებულება აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 27 ივლისს ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 მილიონი ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაყიდა.

სახაზინო ობლიგაცია ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდია და ის ფინანსურ ვალდებულებას წარმოადგენს. 

მისი გაყიდვით სახელმწიფო ვალს იღებს, რომელსაც განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით ფარავს. შესაბამისად, ფასიანი ქაღალდების გაყიდვის მიზანი მთავრობის ხარჯვის მხარდაჭერაა.

5-წლიანი ვადიანობის ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნამ 81 მილიონი ლარი შეადგინა, აუქციონში მონაწილეობა სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. 

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9%-ით, მაქსიმალური – 9.08%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.02%-ით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

ეს ივლისის თვეში უკვე რიგით მეორე შემთხვევაა, როცა ფინანსთა სამინისტრო ახალ ვალდებულებებს იღებს. 13 ივლისს გამრთულ აუქციონზე სამინისტრომ 15 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა.

კომენტარები