არჩევნები 2021

ნონიაშვილი პლაკატებზე: დაუსჯელობა მიუთითებს, რომ ხელისუფლების მიერ არიან წახალისებული

ევროპული საქართველოს ანტიკორუფციული ქსელის ხელმძღვანელი, გიორგი ნონიაშვილი თბილისში ჰომოფობიური პლაკატების გაკვრას ეხმაურება. ნონიაშვილის თქმით, ხელისუფლების ამგვარი ქმედება პირდაპირ მიუთითებს შერჩევით დამოკიდებულებაზე და გვანახებს, რომ ეს სიძულვილის გაღვივება არის პირდაპირ ხელისუფლების  მიერ წახალისებული.

"ხელისუფლება კვლავ ცდილობს, წინასაარჩევნოდ ფონს გავიდეს სიძულვილის გაღვივებით, თბილისის ქუჩებში რამდენიმე დღეა, გამოჩნდა სიძულვილის გამაღვივებელი პლაკატები, პოსტერები, რომელთა პირდაპირი სამიზნეც ამჯერად არიან ჟურნალისტები და კონკრეტული პოლიტიკური პარტიები.

სამწუხაროდ, ამაზე ხელისუფლება რეაგირებას არ ახდენს და მის თვალთახედვის არეალში ეს არ მოხვდა, ქალაქის ქუჩებში ეს პოსტერები გამოჩნდა ისე, რომ პოლიციას არ უნახავს, არ შეუმჩნევია, რეაგირება არ მოუხდენია, მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, თუ რა ხდებოდა წინა წლების განმავლობაში თბილისში და თბილისის გარეთ, როცა სამოქალაქო აქტივისტებს დევნიდა პოლიცია და თბილისის მუნიციპალური სამსახურები პოსტერების გაკვრის გამო, სტენსილების გაკეთების გამო, მაშინ როცა ისინი აპროტესტებდნენ ოკუპაციას, გაზპრომზე დამოკიდებულების გაზრდას, ადამიანის უფლებების დარღვევას, ძალადობას და რეაგირების არ მოხდენას ძალადობაზე". – თქვა ნონიაშვილმა.

ნონიაშვილის თქმით, პოლიციას არ დაუკავებია არავინ ამგვარი სიძულვილის გამაღვივებელი პოსტერების გაკვრის გამო, მაშინ, როდესაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ასეულობით სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს და დააჯარიმეს იმიტომ, რომ ისინი აპროტესტებდნენ სხვადასხვა საკითხს.

"ათობით და ასობით აქტივისტი თბილისში და თბილისის გარეთ არიან დაკავებულები უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, როდესაც ისინი გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობდნენ და როდესაც ისინი აპროტესტებდნენ მართლა შინაარსობრივ საკითხებს, იმ საკითხებს, რომლებიც ჩვენ ყველას გვაღელვებს: კორუფცია, ადამიანის უფლებების დარღვევა, ძალადობა, ჩაგვრა, ოკუპაცია.

ეს მაგალითები და დღევანდელი მაგალითი, როდესაც სიძულვილის გამაღვივებელი პლაკატები გამოჩნდა თბილისში, ნათლად მიუთითებს შერჩევით დამოკიდებულებაზე და ეს დამოკიდებულება სინამდვილეში არის მანიშნებელი იმისა, რომ ეს სიძულვილის გაღვივება არის პირდაპირ ხელისუფლების მიერ წახალისებული". – თქვა ნონიაშვილმა

თბილისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა ორი პირი, რომლებმაც თბილისის არაერთ უბანში ჰომოფობიური პლაკატები გააკრეს და ისინი დაჯარიმდნენ. 


"არა ნაცებს, არა ბოროტებას!" – წინასაარჩევნო პერიოდში თბილისის ქუჩებში ჰომოფობიური პლაკატები გამოაკრეს.  პლაკატებზე გამოსახულნი არიან პოლიტიკოსები, კრიტიკული მედიის მენეჯერები და სამოქალაქო აქტივისტები.

თბილისში გაკრულ ჰომოფობიურ პლაკატებს ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI). ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ისინი თავიანთი შინაარსითა და ფორმით ძალადობისაკენ მოწოდებას წარმოადგენს და საფრთხეს უქმნის მასზე გამოსახული ადამიანების უსაფრთხოებასა და სიცოცხლეს.

მსგავსი შინაარსის პლაკატი წინასაარჩევნოდ 2018 წელსაც გამოჩნდა, როდესაც  საარჩევნო ბანერებზე სალომე ზურაბიშვილი ახალი პლაკატით შეცვალეს, იმავე წარწერით: "არა ნაცებს, არა ბოროტებას!".

ფოტოზე ყოფილი მაღალჩინოსნები იყვნენ გამოსახული, კერძოდ: ზურაბ ადეიშვილი, მეგის ქარდავა, გრიგოლ ვაშაძე, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო და დათა ახალაიები.

კომენტარები