ტოკიოს ოლიმპიადა

ანა კიზენჰოფერი – მათემატიკოსი, რომელმაც უმწვრთნელოდ ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა

Reuters

ანა კიზენჰოფერი ავსტრიელი მათემატიკოსია, რომელმაც მწვრთნელის გარეშე ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ნახევრადპროფესიონალმა სპორტსმენმა 137-კილომეტრიან დისტანციაზე 75 წამით გაასწრო ტურნირის ფავორიტს, ჰოლანდიელ ანემიკ ვან ფლოტენს.

კიზენჰოფერი ტრიათლონსა(სამი დისციპლინის - სირბილის, ცურვისა და ველორბოლის გაერთიანება) და დუათლონში(სირბილისა და ველორბოლის გაერთიანება) ასპარეზობდა. 2013 წელს მიღებული ტრავმის შემდეგ მას სირბილი აღარ გამოსდიოდა და მთლიანი ყურადღება ველოსპორტზე გადაიტანა. 2016 წლიდან წარმატებით მონაწილეობდა ადგილობრივ შეჯიბრებებში. პერსონალური მწვრთნელის გარეშე სამჯერ ზედიზედ(2019-2021 წლებში) მოიგო ავსტრიის ველორბოლის ჩემპიონატი. 

მოყვარულმა ველოსპორტსმენმა ვენის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი 2011 წელს დაამთავრა, 2013 წელს გახდა მაგისტრანტი, 2016 წელს მიიღო მეცნიერებათა დოქტორის წოდება. კიზენჰოფერი შვეიცარიის ერთ-ერთ პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში მკვლევრად მუშაობს.

ავსტრიამ უკანასკნელი ოქროს მედალი ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე 2004 წელს მოიპოვა. კიზენჰოფი 1896 წლის შემდეგ პირველი ავსტრიელი სპორტსმენია, რომელმაც ველოსპორტში ოქროს მედალი მოიპოვა.

 

კომენტარები