სიმბოლიკის დაცვის კანონი

ნონიაშვილი: ხელისუფლება დროშის დაწვას კი არა, მათ მიერ წახალისებულ აგრესიას უნდა ებრძოდეს

ევროპული საქართველოს ანტიკორუფციული ქსელის ხელმძღვანელი, გიორგი ნონიაშვილი, ევროკავშირის დროშის წინააღმდეგ პუტინისტური ჯგუფების მიერ ახალი კამპანიის წამოწყებას ეხმაურება

ნონიაშვილის თქმით, დროშის დაწვა მიუთითებს იმაზე, რომ ამ რადიკალური ჯგუფების მთავარი სამიზნე ქვეყნის დასავლური არჩევანი და ევროინტეგრაციაა.

ნონიაშვილი პარლამენტის ახალ კანონპროექტსაც ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარტნიორი ქვეყნების სიმბოლოების დაზიანებაზე სანქციებს აწესებს. ნონიაშვილი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება დროშის დაწვას კი არ უნდა ებრძოდეს, არამედ ძალადობას და უკონტროლო აგრესიას, რომელიც თავად მათ მიერ არის წახალისებული.

"დროშის დაწვა სწორედ იმაზე მიუთითებს, თუ რა არის მათი სამიზნე და ეს არის ამ ქვეყნის დასავლური არჩევანი და ქვეყნის ევროინტეგრაცია, მაგრამ ხელისუფლება თავად დროშის დაწვას კი არ უნდა ებრძოდეს, რაც თავისი არსით გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებში ზის, არამედ ძალადობას და ამ უკონტროლო აგრესიას, რომელიც თავად მათ მიერ არის წახალისებული". – თქვა ნონიაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის ბიურომ იმსჯელა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნების სიმბოლოების დაზიანებაზე სანქციებს აწესებს.

კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი და ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ან იმ საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა, რომლის წევრიც არის საქართველო, ასევე იმ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვა, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და რომელიც აღმართულია ან გამოფენილია საჯარო დაწესებულებებზე, მის წინ ან შენობაში, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით.

ცვლილებებით განისაზღვრება, რომ აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ელისაშვილი, ფრიდონ ინჯია, ხათუნა სამნიძე, ნიკოლოზ სამხარაძე და ბადრი ჯაფარიძე.


შეგახსენებთ, რომ 6 ივლისს, პარლამენტის წინ მდუმარე, მშვიდობიანი აქცია თავისუფლებისთვის გაიმართა. აქტივისტებმა 5 ივლისის ძალადობა გააპროტესტეს. აქციას შეუერთდა ევროპული საქართველოგირჩი-მეტი თავისუფლებამოძრაობა დროა და ლელო, ასევე, Tbilisi Pride. აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე LGBT დროშა აღმართეს და ფერადი კვამლი გაუშვეს.

მშვიდობიანი აქციის პარალელურად პუტინისტი, ძალადობრივი ჯგუფები კონტრაქციას მართავენ. რუსთაველზე მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა. პუტინისტური ჯგუფების წევრები მდუმარე აქციის მონაწილეებს მეტალის ნაჭრებს, შუშებსა და ქვებს ესროდნენ. მოგვიანებით, მათ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს.

აღნიშნულ კანონპროექტს, გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე და ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ეწინააღმდეგებოდნენ.

ჯაფარიძის თქმით, "დროშის ან ნებისმიერი სიმბოლოს, რისიც არ უნდა იყოს, დაზიანება/განადგურებისთვის ადამიანის დასჯა არის იდიოტობა + საშიშ გზაზე შედგომა. დასჯადი უნდა იყოს სხვისი საკუთრების დაზიანება/განადგურება, გინდა დროშა იყოს, გინდა კაშხლოვანი ჰიდროელექტროსადგური".

ბოკერიამ კი კანონპროექტს იაფფასიანი სვლა უწოდა და პარტიებს მოუწოდა, არ მიიღონ მასში მონაწილეობა.

კომენტარები