სიმბოლიკის დაცვის კანონი

"ანტიკონსტიტუციური, თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულია" – ბოკერია სიბოლიკის დაცვის კანონზე

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

"ხელისუფლება, იმის ნაცვლად, რომ იცავდეს მოქალაქეებისა და მედიის უფლებებს, პრინციპულად არასწორი კანონის მიღებითაა დაკავებული".- ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც პარტნიორი ქვეყნის სიმბოლიკის დაზიანებისთვის პირი 1 000 ლარით დაჯარიმდება. 

აღნიშნული კანონპროექტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით მიიღო

ივანიშვილის რეჟიმი, იმის მაგივრად, რომ ძალადობისთვის, უდავო ამბისთვის, ჟურნალისტებზე თავდასხმისთვისა და ადამიანების დარბევისთვის სჯიდეს ადამიანებს,  გადადის სიტყვის თავისუფლების მოწინააღმდეგეების მოედანზე და თუნდაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი შეხედულებებისთვის, შინაარსისთვის სჯის ადამიანებს. ეს არის ანტიკონსტიტუციური კანონი, ეს არის უბრალოდ პიარი, რომ ვითომ რაღაც გააკეთეს, ამ დროს არასწორ რამეს აკეთებენ პრინციპულად, იმის ნაცვლად რომ იცავდნენ ჩვენი მოქალაქეების თავისუფლებასა და მედიის უფლებებს". - ამბობს ბოკერია. 


ევროკავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს ან იმ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვისთვის, რომლის წევრიც არის საქართველო, აგრეთვე იმ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვისთვის, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და რომელიც აღმართულია ან გამოფენილია საჯარო დაწესებულებებზე, საჯარო დაწესებულების წინ ან საჯარო დაწესებულების შენობაში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგინდება. 

კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება შესაბამისი მუხლი, რომელიც ასეთი ქმედებისთვის გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარით, ხოლო ამავე  ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

სახელმწიფოებში არ მოიაზრება ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებენ.

კომენტარები