კორონავირუსი საქართველოში

კალოიანი: ტოცილიზუმაბი არ არის ხელმისაწვდომი – დაკარგულია ბიუროკრატიულ ბარიერებში

ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრმა, ვახტანგ კალოიანმა კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების სამკურნალოდ მედიკამენტ ტოცილიზუმაბის ხელმისაწვდომობაზე ისაუბრა. კალოიანის თქმით, პროცესში მთავარი ბარიერი ბიუროკრატიული ბარიერია. იგი მოუწოდებს ხელისუფლებას, მოხდეს კლინიკური პროცესის სტანდარტიზება, რათა მედიკამენტი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

"კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს ძალიან ხშირად ესაჭიროებათ მედიკამენტი ტოცილიზუმაბი, რომელიც რეალურად არ არის ხელმისაწვდომი, ის დაკარგულია ბიუროკრატიულ ბარიერებში და ძალიან მნიშვნელოვანია ამ მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რადგან ის საჭიროა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისათვის, ძალიან სწრაფად. ბიუროკრატიულ ბარიერებში იგულისხმება ის, რომ სახელმწიფოს შექმნილი აქვს კომისია და ნაცვლად იმისა, რომ კლინიკური პროცესის სტანდარტიზაცია გააკეთოს, დაახლოებით 5 რგოლი უნდა გაიაროს კლინიკამ, რათა ეს მედიკამენტი მიიღოს, რაც, შესაბამისად, საფრთხეს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას.

ამიტომ, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გააკეთოს კლინიკური პროცესის სტანდარტიზაცია, იზრუნოს მასზე, აქტიურად იმუშაოს, რადგან პაციენტების მზარდ რაოდენობას, რომელთა დიდი ნაწილიც იქნება კრიტიკული, აუცილებლად ესაჭიროება ეს მედიკამენტი და ამის დაგვიანების ფასი არის ადამიანების სიცოცხლე". –  თქვა კალოიანმა.

კალოიანი ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, მაქსიმალურად გაიზარდოს ამცრელი პუნქტების რაოდენობა, რათა მოქალაქეებისათვის გაადვილდეს ვაქცინის ხელმისაწვდომობა და ვაქცინაცია ტექნიკურად უფრო მარტივი გახდეს.

"ბოლო დროის მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მოქალაქეების მზადყოფნა ვაქცინაციისათვის. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ისევ ვერ შეძლო ბოლომდე უზრუნველეყო ლოჯისტიკა, დღესდღეობით არცერთ დიდ ქალაქში აღარ არის ადგილები, რათა მოქალაქეები დარეგისტრირდნენ, მივიდნენ და აიცრან. სამწუხაროდ, ეს არის ცუდი დაგეგმვის და რაოდენობის არასწორი გათვლის შედეგი, შესაბამისად, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მაქსიმალურად გაზარდოს ამცრელი პუნქტები და გააადვილოს ხელმისაწვდომობა მოქალაქეებისათვის, გახადოს ვაქცინაცია ბევრად უფრო მარტივი ტექნიკურად შესასრულებლად". – თქვა კალოიანმა.


24 ივლისს ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა დაწერა, რომ პაციენტის გადასარჩენად ერთ-ერთმა კლინიკამ მის ოჯახს მიმართა მედიკამენტ ტოცილიზუმაბის შესაძენად, რომლის ფასი 5 000 ლარია. 

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ გამოყენებულ მედიკამენტებს სახელმწიფო პროგრამა სრულად აფინანსებს. გაბუნია მოუწოდებს კლინიკებს, მედიკამენტის საჭიროების შემთხვევებში სანამ პაციენტს სთხოვენ მოტანას, ჯერ სამინისტროს მიმართონ. 

კომენტარები