კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია ტოცილიზუმაბზე: ვიდრე პაციენტს სთხოვენ მოტანას, კლინიკები ჩვენ დაგვიკავშირდნენ

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის პოსტს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთმა კლინიკამ პაციენტის გადასარჩენად მის ოჯახს მიმართა 5 000-ლარიანი ტოცილიზუმაბის შესაძენად. გაბუნიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ გამოყენებულ მედიკამენტებს სახელმწიფო პროგრამა სრულად აფინანსებს. გაბუნია მოუწოდებს კლინიკებს, ასეთ შემთხვევებში სამინისტროს მიმართონ. 

"ნებისმიერი ხარჯი, რომელიც გაიწევა COVID-ინფიცირებული პაციენტის სამკურნალოდ, სრულად იფარება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. ამ შემთხვევაში, კლინიკა, რომელიც გასწევს ხარჯს ტოცილიზუმაბთან თუ ნებისმიერ სხვა მედიკამენტთან მიმართებით, ეს ხარჯი ანაზღაურდება სრულად.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ნამდვილად არ არსებობს მიზეზი იმისთვის, რომ ასეთი ტიპის დავალება მივცეთ პაციენტის ოჯახს და მან მოიტანოს ეს წამალი. [...] კლინიკებს მინდა მოვუწოდო, რომ ტოცილიზუმაბთან თუ რაიმე შეკითხვები ექნებათ, ჯერ ჩვენ დაგვიკავშირდნენ, ვიდრე პაციენტს სთხოვენ მედიკამენტის მოტანას აფთიაქიდან". –თქვა თამარ გაბუნიამ. 

ბიძინა კულუმბეგოვმა 24 ივლისს დაწერა, რომ პაციენტის გადასარჩენად კლინიკამ მის ოჯახს მიმართა მედიკამენტ ტოცილიზუმაბის შესაძენად, რომლის ფასი 5 000 ლარია. 

"არ მიკვირს, რატომ არის სიკვდილობა მყარად მაღალი. სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ყველაფერი ასეთი ადამიანების გადასარჩენად, დროა, ყველა ფუჭი ხარჯი (კონცერტები, პლაკატების ბეჭდვა…) გადამისამართდეს, რათა ადამიანების სიცოცხლე ვიხსნათ!" – წერს კულუმბეგოვი.

კომენტარები