ოლიმპიადა

ყაზახეთი, მოლდოვა, მალაიზია – კიდევ სად აჯილდოებენ ოლიმპიურ ჩემპიონებს

ამერიკელი მოცურავე მაიკლ ფელპსი 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქროს მედლით. 4 აგვისტო, 2012
Reuters

ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლის მოპოვება ნებისმიერი სპორტსმენის უდიდესი წარმატებაა. ათასობით ათლეტი უდიდეს ძალისხმევას ხარჯავს ოლიმპიადაზე მოსახვედრად და თავს არ ზოგავს, რომ მედალოსანი გახდეს. ოლიმპიური ჩემპიონობა არა მხოლოდ სპორტსმენის ინდივიდუალური გამარჯვებაა, არამედ მთლიანად ქვეყნის წარმატებაც. თუმცა, როგორც ჩანს, ბევრი თვლის, რომ მედალი, გამარჯვება და საუკეთესო ტიტული საკმარისი არაა და სპორტსმენები დამატებით უნდა წახალისდნენ.

მათ რიცხვს განეკუთვნება საქართველოს მთავრობაც. მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი 1 000 000 ლარის მიღებს.

საქართველო ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც ოლიმპიურ ჩემპიონებს ფულად ჯილდოს ჰპირდება. სხვადასხვა ქვეყანაში დამატებითი ჯილდოები განსხვავდება ერთმანეთისგან: ფულადი ჯილდო, ყოველთვიური ხელფასი, ბინა, სპორტული აღჭურვილობა, პოლიტიკური კარიერა, უფასო სოსისები მთელი ცხოვრების მანძილზე… 

ზოგ ქვეყანაში კი სპორტსმენები უბრალოდ ოლიმპიური წარმატებით უნდა დაკმაყოფილდნენ.

თანხა, რომელსაც ქვეყნების მთავრობა გამარჯვებულ სპორტსმენებს სთავაზობს მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგალითად, სინგაპური ათლეტებს ჯილდოდ 745 264 დოლარს სთავაზობს, ნიგერია კი – 2 000.

ქვეყნების და ფულადი ჯილდოს სია კი ასე გამოიყურება:

  • სინგაპური: $745 264
  • მოლდოვა: $132 000
  • რუმინეთი: $79 000 + ყოველთვიური შემოსავალი ცხოვრების ბოლომდე
  • მალაიზია: ბონუსი + $1 200 ყოველთვიურად, ცხოვრების ბოლომდე
  • საფრანგეთი: $55 000
  • აშშ: $25 000
  • კანადა: $25 000
  • გერმანია: $20 000
  • ინდონეზია: $18 000 წელიწადში ერთხელ
  • ნიგერია: $2 000

პოპულარული საჩუქარია ბინაც. ყაზახეთში ოქროს მედალოსნები სამოთახიან ბინას მიიღებენ, ვერცხლის მედალოსნები – ოროთახიან ბინას, ბრინჯაოს მედალოსნები – ერთოთახიან ბინას.

საინტერესო დამატებითი ჯილდო მოიფიქრეს სამხრეთ კორეაში. მედალოსან სამხრეთ კორეელ სპორტსმენებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობას შეუმცირებენ. 2 წლის ნაცვლად, მათ მხოლოდ 4-თვიანი სამხედრო წვრთნების გავლა მოუწევთ.

უკრაინელი ვერცხლის მედალოსანი მსროლელი, სერგეი კულიში მთავრობისგან $85 000-ს და ბინას მიიღებს მისი მშობლიური რეგიონის ადმინისტრაციის საბჭო კი მას ახალ შაშხანას აჩუქებს.

რუს ოლიმპიელ ჩემპიონებთან დაკავშირებით საინტერესო ტენდენციაზე წერს გამოცემა კომსომოლსკაია პრავდა – რუსეთში წარმატება სპორტში ხშირად პოლიტიკურ წარმატებაში გადაიწერება.

"ჩვენს ქვეყანაში ოლიმპიური წარმატება პირდაპირი გზაა ძალაუფლებისკენ". – წერს გამოცემა და მოკრივე ნიკოლაი ვალუევს, მოჭიდავე ალექსანდრ კარელინს და ტანმოვარჯიშე სვეტლანა ხორკინას იხსენებს, რომლებიც პარლამენტარები გახდნენ.

ამის ფონზე აშშ-ს, კანადისა და გერმანიის ჯილდოები მოკრძალებულად გამოიყურება.

კიდევ უფრო საინტერესო ჯილდოს მოპოვება შეეძლოთ 2008 წელს ბელარუს სპორტსმენებს. სოსისების ბელარუსული კომპანია ოქროს მედალოსან ბელარუს ათლეტებს ცხოვრების ბოლომდე უფასო სოსისებით უზრუნველყოფას დაჰპირდა.

კონტრასტისთვის დიდი ბრიტანელი, ნორვეგიელი, შვედი, ხორვატიელი სპორტსმენები ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულით უნდა დაკმაყოფილდნენ.

კომენტარები