საფრანგეთი

პარიზში პანდემიის შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციებზე პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა

REUTERS/Benoit Tessier

პარიზში პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების საწინააღმდეგო ხალხმრავალი აქცია გაიმართა. აქციაზე  დაპირისპირება მოხდა დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის. პოლიციამ აქციის მონაწილეების საწინააღმდეგოდ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მდგომარეობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც აქციის მონაწილეებმა პოლიციის მოტოციკლი გადააყირავეს, რომელზეც ორი სამართალდამცველი იჯდა.

დემონსტრანტები პანდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს და შესაძლო სავალდებულო ვაქცინაციას აპროტესტებდნენ. აქციაზე იყო ტრაფარეტები ლოზუნგით – "დასრულდეს დიქტატურა".

აქციები დაგეგმილი იყო საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც – მარსელში, მონპელიეში, ნანტში, ტულუზაში.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შაბათს ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებში 161 000-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ უახლოეს დღეებში საფრანგეთის პარლამენტმა კენჭი უნდა უყარონ კანონპროექტს, რომელიც ჯანმრთელობის საშვს შემოიღებს და ვაქცინაციას ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის სავალდებულოს გახდის. ინიციატივის შესახებ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ისაუბრა.

ჯანდაცვის სფეროს ყველა წარმომადგენელი 15 სექტემბრისთვის Covid-19-ზე უნდა აიცრას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ანაზღაურებას ვერ მიიღებენ. მოთხოვნა ექიმებს, ექთნებს, სამედიცინო დაწესებულებების ოფისის თანამშრომლებსა და მოხალისეებს ეხება.

პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ მომდევნო თვიდან მაღაზიებში, ბარებში, კინოთეატრებში შესასვლელად და შორ დისტანციაზე მატარებლით მგზავრობისას სპეციალური ჯანმრთელობის საშვები გახდება საჭირო. საშვი აჩვენებს, რომ ადამიანი ან აცრილია, ან ცოტა ხნის წინ აქვს კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხი მიღებული.

კომენტარები