არჩევნები 2021

მელია პლაკატებზე: ზიზღის კამპანიის ავანგარდში დგანან პრემიერმინისტრი, თანამდებობის პირები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე და ოპოზიციის ნაწილის მერობის საერთო კანდიდატი, ნიკა მელია თბილისში გაკრულ ჰომოფობიურ პლაკატებს გამოეხმაურა. მელიას თქმით, ეს მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მთავარი ხელწერაა, რაც ძალადობას, ზიზღს და შუღლის გაღვივებას გულისხმობს. მელიამ განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატთან, ელენე ხოშტარიასთან ერთად გააკეთა. 

"ჩემი აზრით, ძალიან მიამიტობა იქნება, თუკი ვიტყვით, რომ ვინმეს გაუკვირდა, რაც გუშინ ხელისუფლებამ დამართა თბილისს, რაც დამართა თბილისის ქუჩებს და როგორი თბილისი დაახვედრა დღეს დილით თბილისელებს და თბილისში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს. ბევრი მიზეზია, რატომაც გაკვირვებისთვის სივრცე აღარ დაგვიტოვეს. პირველი მიზეზი ის, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც ხელისუფლება ქართული ოცნების სახით არის წარმოდგენილი მართვის სადავეებთან, მათი მთავარი საფირმო ნიშანი ხომ სწორედ არის, მთავარი ხელწერა ხომ სწორედ ეს არის – ძალადობა, ზიზღი, შუღლის გაღვივება, ბოღმის ნთხევა. ამას ახორციელებდნენ მთელი 9 წლის განმავლობაში სხვადასხვა მექანიზმით და ფორმით.

მეორე მიზეზი – როდესაც ვიცით, რომ ამ ზიზღის ფრქვევის კამპანიის ავანგარდში დგანან მაღალი თანამდებობის პოლიტიკური პირები, მაგალითისთვის, კულტურის მინისტრი, ქალბატონი წულუკიანი, რომელიც პირდაპირ ეთერში ძალადობს ჟურნალისტებზე, ძარცვავს ჟურნალისტს და ვითომც არაფერი. ამის შემდეგ ჟურნალისტი საპატრულო პოლიციას იძახებს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები უძლურნი არიან, აღასრულონ კანონი, ვინაიდან, პოლიტიკური დავალება არ აქვთ, რომ, სადაც დასასჯელია დამნაშავე, დაისაჯოს, სადაც არ არის დასასჯელი, არ დაისაჯოს. [...] ასევე, პრემიერმინისტრი ავანგარდში დგას ამ ძალადობის, ამ ზიზღის კამპანიის, პრაქტიკულად, ქართული ოცნების ყველა დეპუტატი, რომლებიც ფიზიკურად არიან ჩართული ძალადობაში". – თქვა ნიკა მელიამ.  


"არა ნაცებს, არა ბოროტებას!" – წინასაარჩევნო პერიოდში თბილისის ქუჩებში ჰომოფობიური პლაკატები გამოაკრეს.  პლაკატებზე გამოსახულნი არიან პოლიტიკოსები, კრიტიკული მედიის მენეჯერები და სამოქალაქო აქტივისტები.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პლაკატები მოქალაქეთა ჯგუფმა თვითნებურად გააკრა. მათ თბილსერვის ჯგუფი ჩამოხსნის და კანონდამრღვევთა დასაჯარიმებლად მუნიციპალური ინსპექცია კანონის ფარგლებში იმოქმედებს.

მსგავსი შინაარსის პლაკატი წინასაარჩევნოდ 2018 წელსაც გამოჩნდა, როდესაც  საარჩევნო ბანერებზე სალომე ზურაბიშვილი ახალი პლაკატით შეცვალეს, იმავე წარწერით: "არა ნაცებს, არა ბოროტებას!".

ფოტოზე ყოფილი მაღალჩინოსნები იყვნენ გამოსახული, კერძოდ: ზურაბ ადეიშვილი, მეგის ქარდავა, გრიგოლ ვაშაძე, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო და დათა ახალაიები.

კომენტარები