არჩევნები 2021

ხოშტარია პლაკატებზე: საზოგადოების შეურაცხყოფაა, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რომელ პოზიციაზეა

მოძრაობა დროას ლიდერი და ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, ელენე ხოშტარია თბილისში გაკრულ ჰომოფობიურ პლაკატებს გამოეხმაურა. ხოშტარიას თქმით, ეს მთელი საზოგადოების შეურაცხყოფაა, მიუხედავად მათი პოლიტიკური პოზიციისა. ხოშტარიამ განცხადება ოპოზიციის ნაწილის მერობის საერთო კანდიდატთან, ნიკა მელიასთან ერთად გააკეთა. 

"მინდა, გამოვეხმაურო იმ ბინძურ კამპანიას, რომელიც მორიგ ჯერზე ქართულმა ოცნებამ დაიწყო როგორც კი ჩაეშვა წინასაარჩევნო წამზომი. გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ქალაქის მასშტაბით გააკრეს ზიზღის პლაკატები და პირველ რიგში, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რომელ პოლიტიკურ პოზიციაზეა. ეს არის ხალხის, ამომრჩევლის შეურაცხყოფა, იმიტომ, რომ საბჭოთა ტრადიციებით ადამიანებს უქმნიან ზიზღის სამიზნეებს და ამით ცდილობენ ადამიანების ემოციებით მანიპულირებას, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყნისთვის ძალიან საშიშ მოვლენას - ზიზღს, დაპირისპირებას და სიძულვილს იწვევს". – თქვა ელენე ხოშტარიამ.

ხოშტარიას თქმით ჰომოფობიური პლაკატები, რომლებზეც კრიტიკული მედიის ხელმძღვანელებიც არიან გამოსახული, იმ ძალადობრივი მოვლენების გაგრძელებაა, რომელიც 5-6 ივლისს მოხდა და რომლის შედეგადაც 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. 

"გვინახავს როგორ იქცევა მერია, როდესაც, მაგალითად, აქტივისტები ანტისაოკუპაციო სტიკერებს აკრავენ ქალაქებში. მათ დასდევს უკან სუს-ი, პოლიცია, იჭერენ, ურტყამენ, აჯარიმებენ და მომენტალურად ხევენ. ვნახეთ, რომ ქალაქის მერია და მერობის კანდიდატი, რომელიც პეპლებზე და მწვანეზე გვესაუბრება, აძლევს საშუალებას და უფლებას, რომ ეს ყველაფერი ქალაქში თავისუფლად მოხდეს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ცალკე დადგება ამ სიძულვილისგან, ძალიან ცდება". – თქვა ხოშტარიამ. 


"არა ნაცებს, არა ბოროტებას!" – წინასაარჩევნო პერიოდში თბილისის ქუჩებში ჰომოფობიური პლაკატები გამოაკრეს.  პლაკატებზე გამოსახულნი არიან პოლიტიკოსები, კრიტიკული მედიის მენეჯერები და სამოქალაქო აქტივისტები.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პლაკატები მოქალაქეთა ჯგუფმა თვითნებურად გააკრა. მათ თბილსერვის ჯგუფი ჩამოხსნის და კანონდამრღვევთა დასაჯარიმებლად მუნიციპალური ინსპექცია კანონის ფარგლებში იმოქმედებს.

მსგავსი შინაარსის პლაკატი წინასაარჩევნოდ 2018 წელსაც გამოჩნდა, როდესაც  საარჩევნო ბანერებზე სალომე ზურაბიშვილი ახალი პლაკატით შეცვალეს, იმავე წარწერით: "არა ნაცებს, არა ბოროტებას!".

ფოტოზე ყოფილი მაღალჩინოსნები იყვნენ გამოსახული, კერძოდ: ზურაბ ადეიშვილი, მეგის ქარდავა, გრიგოლ ვაშაძე, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო და დათა ახალაიები.

კომენტარები