არჩევნები 2021

სირცხვილია ჰომოფობიურ პლაკატებზე: ოცნების წინასაარჩევნო კამპანიამ ოფიციალურად აიღო სტარტი

სირცხვილია

მოძრაობა სირცხვილია თბილისის ქუჩებში გამოკრულ ჰომოფობიურ პლაკატებს ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირებს:

"მეგობრებო, მოგესალმებით და გაცნობებთ, რომ ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიამ ოფიციალურად აიღო სტარტი და აი, ისიც!

ქოცებმა წუხელ ბოტები გადმოსხეს თბილისის ქუჩებში და ეს პოსტერები გააკვრევინეს. პოსტერები გაკრულია ავტობუსის ყველა გაჩერებაზე, თბილისის ყველა რაიონში, რაზეც, სავარაუდოდ, დაიხარჯა უამრავი “გულანთებული ახალგაზრდის” რესურსი, რომლის დახარჯვაც წარმატებით შეიძლებოდა, მაგალითად, ვაქცინაციის საყოველთაო კამპანიაზე.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი მოძრაობის წევრები არაერთხელ ვართ დაჯარიმებული წარწერების გაკეთებისთვის ასფალტზე (!) ან დროებით სამშენებლო ხის ღობეზე (!!!) 1500-დან 2000 ლარამდე თანხით. (ამ წარწერების შინაარსი იყო, მაგალითად, “გვახსოვს, რა ჩაიდინეთ გასულ ზაფხულს” 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ან გია ვოლსკის შეურაცხმყოფელი ციტატა, რომლითაც მან ოკუპაციის მნიშვნელობა აგვიხსნა და ა.შ.)

ჩვენი მოძრაობა სრულად აცნობიერებს მომავალი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას და მასთან დაკავშირებულ მმართველი პარტიის ვნებათაღელვებს. ოპონენტებისადმი სიძულვილის ფრქვევა და ზიზღით ჩვენი საცხოვრებელი გარემოს გაჯერება არის ქართული ოცნების საყვარელი ქცევა.

ჩვენი მოძრაობა არის სრულიად დამოუკიდებელი, მრავალფეროვანი ადამიანებით დაკომპლექტებული მოძრაობა, დასავლური კავშირებითა და მხარდაჭერით. ჩვენ ვუჭერთ მხარს ყველა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიას, რომელიც იბრძვის ავტორიტარული ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩვენ ვუჭერთ მხარს თავისუფლებას, საქართველოს დასავლურ მომავალს და მშვიდობას.

ზიზღი ვერასდროს გაიმარჯვებს". - ვკითხულობთ განცხადებაში.


"არა ნაცებს, არა ბოროტებას!"- წინასაარჩევნო პერიოდში თბილისის ქუჩებში ჰომოფობიური პლაკატები გამოაკრეს

პლაკატებზე გამოსახულნი არიან პოლიტიკოსები, კრიტიკული მედიის მენეჯერები, სამოქალაქო აქტივისტები.

ამასთან ერთად, მსგავსი შინაარსის პლაკატი წინასაარჩევნოდ 2018 წელსაც გამოჩნდა, როდესაც  საარჩევნო ბანერებზე სალომე ზურაბიშვილი ახალი პლაკატით შეცვალეს, იმავე წარწერით: "არა ნაცებს, არა ბოროტებას!".

ფოტოზე ყოფილი მაღალჩინოსნები იყვნენ გამოსახული, კერძოდ: ზურაბ ადეიშვილი, მეგის ქარდავა, გრიგოლ ვაშაძე, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო და დათა ახალაიები.

კომენტარები