ჟურნალისტებზე ძალადობა

ქარტია წულუკიანზე: ეს აგრესია შემდგომში ძალადობრივი ჯგუფების წახალისებას იწვევს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, მარიამ გოგოსაშვილი წულუკიანის მიერ მთავარი არხის ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევას ეხმიანება და აღნიშნავს, მსგავსი ქმედებები მოძალადე ჯგუფებს ახალისებს. 

"სამწუხაროდ, ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა მმართველი პარტიის წარმომადგენლები მსგავსი ფორმით ახდენენ კომუნიკაციას მედიასთან. ესაა აგრესიული დამოკიდებულება, რომელზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ და რომელიც იწვევს შემდგომში ძალადობრივი ჯგუფების წახალისებას". - ეუბნება გოგოსაშვილი ფორმულას. 

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, სენაკის რეაბილიტირებული თეატრის გახსნაზე, მთავარი არხის ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და ამბობს, რომ მის დაბრუნებას არ აპირებს. 

"ემა, ახლა რომ დაგსჯიან, ხომ იცი? ე.ი. ეს ამხელა ახტაჯანა ქალს წაგართვი მიკროფონი. ემა გოგოხია აღარაა ფორმულას ჟურნალისტი. ემა, მოდი, აბა, თქვი, ბიძინას გაუმარ... აი, მიკროფონი ჩემია. დაუკარით ტაში ემას!"- მიმართა წულუკიანმა ჟურნალისტს და შემდეგ მთავარი არხის მიკროფონით სცენაზე ავიდა. 

მთავარი არხის ჟურნალისტის, ემა გოგოხიას ინფორმაციით, ადგილზე გამოძახებულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ თეა წულუკიანს, რომელმაც მიკროფონი წაართვა, ვერ მიუახლოვდებიან.

კომენტარები