ნონა გაფრინდაშვილი

ნონა გაფრინდაშვილმა ლიონელ მესის კოპა ამერიკაზე გამარჯვება საჩუქრით მიულოცა

Befunky

ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონმა, მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა არგენტინის ნაკრებისა და კლუბ ბარსელონას ლიდერს, ლიონელ მესის, საჩუქრად საგანგებოდ დამზადებული ჭადრაკის დაფა და ფიგურები გაუგზავნა.

ივნისში გაფრინდაშვილმა 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით მესისგან საჩუქარი - ავტოგრაფიანი მაისური მიიღო. "ნონა, დაბადების დღეს გილოცავ"! - ეს სიტყვები დააწერა ბარსელონას მაისურს 6 ოქროს ბურთის მფლობელმა ფეხბურთელმა. 

ნონა გაფრინდაშვილი წლებია, ბარსელონას და მესის ქომაგია, რის შესახებაც არგენტინელმა ფეხბურთელმა ფიდეს ხელმძღვანელებისგან შეიტყო, სიურპრიზის მთავარი ინიციატორი კი ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი აკაკი იაშვილი გახლდათ.

"რაც მესისგან საჩუქრად მაისური მივიღე, იმის შემდეგ ვფიქრობდი, საპასუხოდ რა საჩუქარი შემერჩია. მჯეროდა, რომ "კოპა ამერიკას" მოიგებდა და მინდოდა, გამარჯვება განსაკუთრებულად მიმელოცა. ამ დროს დამიკავშირდნენ "ზარაფხანიდან" და მითხრეს, რომ მოოქროვილი სამეფო ჭადრაკის დამზადება სურდათ, რაც ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო. ეს იქნება არა ჩემი, არამედ საქართველოს სახელით გაგზავნილი საჩუქარი. მახსოვს, როდესაც მესიმ თბილისში 2015 წლის სუპერთასზე ითამაშა, მთელი სტადიონი ყვიროდა “მესი! ბარსა!“. ვფიქრობ, ეს სიმბოლური საჩუქარია და მთელი ცხოვრება დაამახსოვრდება". – ამბობს გაფრინდაშვილი.

 

კომენტარები