ნონა გაფრინდაშვილი

ნეტფლიქსი არ შეცვლის QUEEN'S GAMBIT-ის იმ ეპიზოდს, სადაც გაფრინდაშვილზეა ლაპარაკი

ჭადრაკის დიდოსტატის, ნონა გაფრინდაშვილი უფლებადამცველი იურიდიული ფირმა BLB-ის დამფუძნებლის, კახა შარაბიძის თქმით, ნეტფლიქსი სერიალ Queen's Gambit-ში იმ ეპიზოდს არ შეცვლის, სადაც ნონა გაფრინდაშვილს რუსად მოიხსენიებენ და ამბობენ, რომ მას არასდროს უთამაშია  კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ.

შარაბიძემ ამის შესახებ BMG-თან ილაპარაკა და ასევე თქვა, რომ კალიფორნიის სასამართლომ ნეტფლიქსის დაცვის ყველა არგუმენტი უარყო.

"მორიგების წინაპირობა ბუნებრივია იყო ის წარმატება, რასაც ჩვენ მივაღწიეთ კალიფორნიის სასამართლოს პირველ ინსტანციაში, სადაც სასამართლომ უარყო ნეტფლიქსის დაცვის ყველა არგუმენტი და დაადგინა, რომ მხატვრულ ნაწარმოებში შესაძლებელია დეფამაციის შედეგად შელახული იყოს პიროვნების ღირსება, რეპუტაცია და მხატვრული ნაწარმოები არ წარმოადგენს დეფამაციისგან თავისუფალ ზონას". - თქვა შარაბიძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეპიზოდის კორექტირება არ მოხდება, კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დგას ნონა გაფრინდაშვილის წარმატებები, მათ შორის კაცი მოჭადრაკეების წინააღმდეგ.

"შეთანხმების შედეგები, პირველ რიგში, პასუხობს ქალბატონი ნონას ინტერესებს. რაც შეეხება, სერიალში ეპიზოდის კორექტირებას ადგილი არ იქნება, მაგრამ მოდით ერთ რამეზე შევთანხმდეთ, რომ ის ფაქტი, რომ ამ ქეისს ამხელა გამოხმაურება ჰქონდა მსოფლიოს მასშტაბით, აღარ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ ქალბატონი ნონას წარმატებები, მათ შორის მამაკაც მოჭადრაკეთა წინააღმდეგ, ისევე, როგორც წარმომავლობა - ის ყველგან მოხსენიებულია, როგორც ქართველი ლეგენდარული მოჭადრაკე. ამიტომ, მე ვთვლი, რომ ამ კუთხითაც დაკმაყოფილებულია სრულად ჩვენი საზოგადოების ინტერესი და არ დარჩა კითხვის ნიშანი ქალბატონი ნონას მიმართ. რაც შეეხება კორექტირებას, ფილმში კორექტირებას ადგილი არ იქნება". - თქვა მან.

კახა შარაბიძის თქმით, საქმის კონფიდეციალურობიდან გამომდინარე ვერ იტყვის, მიიღებს თუ არა ნონა გაფრინდაშვილი კომპენსაციის სახით მოთხოვნილ 5 მილიონ დოლარს

გუშინ, 6 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ Netflix-მა ნონა გაფრინდაშვილთან სასამართლო დავის შეწყვეტა და მორიგება გადაწყვიტა. 

2021 წელს ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონმა Netflix-ს უჩივლა სერიალ The Queen’s Gambit-ში ნათქვამი ტექსტის გამო, რომ მას არასდროს უთამაშია კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ. The Queen’s Gambit-ის ბოლო სერიაში მოსკოვის საჭადრაკო ტურნირის კომენტატორი მთავარ პერსონაჟზე საუბრისას ამბობს:

"ერთადერთი უცნაური რამ მის შესახებ მისივე სქესია, თუმცა რუსეთში მას ეს უნიკალურად არ აქცევს. არსებობს ნონა გაფრინდაშვილი, თუმცა ის არის ქალი მსოფლიო ჩემპიონი, რომელსაც არასდროს უთამაშია კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ".

კომენტარები