ნონა გაფრინდაშვილი

ადვოკატის თქმით, QUEEN'S GAMBIT-ის სცენარისტმა აღიარა, რომ გაფრინდაშვილზე სიმართლე იცოდა

Befunky

სექტემბერში ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონმა, მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ს უჩივლა სერიალ The Queen’s Gambit-ში ნათქვამი ტექსტის გამო, რომ მას არასდროს უთამაშია კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ.

სარჩელის განხილვა ლოს-ანჯელესის სასამართლოში შედგა. დაიკითხა სერიალის სცენარის ავტორი სკოტ ფრენკი. გაფრინდაშვილის ადვოკატის თქმით სკოტმა აღიარა, რომ მოჭადრაკის შესახებ სიმართლე იცოდა.

"ფრენკი იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ იცოდა სიმართლე ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების შესახებ, რაც ადასტურებს ნეტფლიქსის მიერ მცდარი ფაქტების მიზანმიმართულად გავრცელებას. ამ დაკითხვამ უკვე შექმნა ცხადი სურათი. Netflix-მა სკოტის ჩვენება საქმეს თავის სასარგებლოდ დაურთო. ახლა, როცა წარვადგინეთ ჩვენი პოზიცია, სკოტის ჩვენებას ვიყენებთ საჩვენოდ". – ამბობს ადვოკატი მაია მწარიაშვილი.

გარდა ამისა სტრიმინგის სერვისმა სასამართლოში სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ იშუამდგომლა.

ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს იურიდიული კომპანია BLB იცავს. ისინი სარჩელში წერენ, რომ კომენტატორის ნათქვამი ტყუილია და სექსისტური.

"ბრალდება, რომ გაფრინდაშვილს არასდროს უთამაშია კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ არის ცხადი ტყუილი, უკიდურესად სექსისტური და დამამცირებელი.

1968 წლისთვის, ანუ მაშინ, როდესაც ეპიზოდში მოქმედება ხდება, მას სულ მცირე 59 კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ ჰქონდა თამაში ჩატარებული, მათ შორის სულ მცირე ათი დიდოსტატი იყო", - წერია სარჩელში.

ლაზიერის გამბიტი Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მინისერიალია. სიუჟეტის ცენტრში გამოგონილი ქალი მოჭადრაკე, ბეტ ჰარმონია, რომლის როლს ანია-ტეილორ ჯოი ასრულებს. შოუმ ემის და ოქროს გლობუსის რამდენიმე ჯილდო მოიპოვა.

კომენტარები