ნონა გაფრინდაშვილი

NETFLIX-სა და ნონა გაფრინდაშვილს შორის სასამართლო დავა მორიგებით დასრულდა

Befunky

Netflix-მა ნონა გაფრინდაშვილთან სასამართლო დავის შეწყვეტა და მორიგება გადაწყვიტა. ინფორმაციას გამოცემები Variety და Hollywood Reporter-ი ავრცელებენ. 

მორიგების დროს მხარეები სასამართლოს გარეშე, დახურულ კარს მიღმა თანხმდებიან. მორიგების დეტალები ამ ეტაპზე არ გასაჯაროვებულა.

2021 წელს ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონმა Netflix-ს უჩივლა სერიალ The Queen’s Gambit-ში ნათქვამი ტექსტის გამო, რომ მას არასდროს უთამაშია კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ. The Queen’s Gambit-ის ბოლო სერიაში მოსკოვის საჭადრაკო ტურნირის კომენტატორი მთავარ პერსონაჟზე საუბრისას ამბობს:

"ერთადერთი უცნაური რამ მის შესახებ მისივე სქესია, თუმცა რუსეთში მას ეს უნიკალურად არ აქცევს. არსებობს ნონა გაფრინდაშვილი, თუმცა ის არის ქალი მსოფლიო ჩემპიონი, რომელსაც არასდროს უთამაშია კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ".

ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს იურიდიული კომპანია BLB იცავს. ისინი სარჩელში წერენ, რომ კომენტატორის ნათქვამი სიტყვები ტყუილი და სექსისტურია.

"ბრალდება, რომ გაფრინდაშვილს არასდროს უთამაშია კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ, არის ცხადი ტყუილი, უკიდურესად სექსისტური და დამამცირებელი.

1968 წლისთვის, ანუ მაშინ, როდესაც ეპიზოდში მოქმედება ხდება, მას, სულ მცირე, 59 კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ ჰქონდა თამაში ჩატარებული, მათ შორის, სულ მცირე, ათი დიდოსტატი იყო". - წერია სარჩელში.

სტრიმინგის სერვისის ოფიციალური წარმომადგენელი გაფრინდაშვილის ბრალდებას განცხადებით გამოეხმაურა:

"უდიდეს პატივს ვცემთ ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს და მის კარიერულ მიღწევებს, მაგრამ, ჩვენი აზრით, ბრალდება უსაფუძვლოა და თავს ბოლომდე დავიცავთ".

მოგვიანებით Netflix-მა სასამართლოში შუამდგომლობა შეიტანა და სარჩელის განხილვის შეჩერება მოითხოვა. 2022 წლის იანვარში კალიფორნიის სასამართლომ Netflix-ის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

კომენტარები