შარლ მიშელი საქართველოში

ვაშაძე: მივიღეთ გარანტია, მიშელის დოკუმენტის შესრულებაში ევროკავშირის მხარდაჭერა გვექნება

"დღეს მივიღეთ გარანტია იმის, რომ სრული მხარდაჭერა გვექნება ევროკავშირის მხრიდან, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი შესრულდება, მათ შორის მართლმსაჯულების კუთხით და სხვა მიმართულებითაც, რომელიც ამ დოკუმენტშია გაწერილი". – ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და ოპოზიციის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა. 

მისივე თქმით, საუბარი შეეხებოდა 5-6 ივლისის მოვლენებსაც. როგორც ვაშაძე ამბობს, ოპოზიციის წევრებმა მიშელს კონკრეტული ძალადობების ფაქტებზე და პოლიციის უმოქმედობაზე უამბეს. 

"რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ 5 ივლისის უმძიმესი ძალადობის ფაქტებზე, კონკრეტულად ვუთხარით ფაქტები, რომ პოლიციამ არათუ ვერ, არ დაიცვა ჟურნალისტები, არ დაიცვა საქართველოს მოქალაქეები. ამიტომ, ყველა ეს კომპონენტი აჩვენებს იმას, რომ ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ და დავაბრუნოთ საქართველო ევროპული განვითარების გზაზე, არ უნდა მივცეთ ქართულ ოცნებას შესაძლებლობა, გადაუხვიოს ევროკავშირისკენ ინტეგრაციისკენ პროცესს და რატომ უნდა მას, რომ გადაუხვიოს - დემოკრატიული განვითარება ნიშნავს ხელისუფლების ცვლილებას ქვეყანაში, ქართულ ოცნებას კი უნდა, რომ ყველა ფასად შეინარჩუნოს ხელისუფლება, ჩვენ ამის უფლება არ უნდა მივცეთ.

ბატონმა მიშელმა პირდაპირ თქვა, რომ ამ საკითხებზე ისაუბრებს ხელისუფლებასთან, გაცილებით მკაცრი იქნება მისი ლაპარაკი კარს მიღმა, ვიდრე საჯაროდ, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩვენ მიშელის დოკუმენტთან ერთად, გამოვკვეთეთ გზა, ევროპული ინტეგრაციის და სამწუხაროდ, ოცნება სისტემურად ცდილობს, რომ დაარღვიოს და გადაუხვიოს გზას. რომ დავაბრუნოთ უკან კალაპოტში, ამაში მოგვეხმარებიან ჩვენი ევროპელი კოლეგები". – ამბობს ვაშაძე. 


ვიზიტის ფარგლებში მიშელი შეხვედრას გამართავს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთანაც.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში 18 ივლისს ჩამოვიდა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტები მას მედიაზე თავდასხმების შესახებ საპროტესტო ბანერებითა და გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით დახვდნენ. 

შარლ მიშელი საქართველოში ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება, რომელიც 19 ივლისს იხსნება. ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციას დაესწრებიან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ქართულ მხარეს წარმოადგენენ ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მთავრობის წევრები.

კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის  გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება.

კომენტარები