შარლ მიშელი საქართველოში

ჯაფარიძე: EU-მ უნდა თქვას, რომ ოცნების მმართველობისას ევროატლანტიკურ გეზს გადავუხვიეთ

ზურაბ ჯაფარიძე
ტაბულა

გირჩი- მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე FACEBOOK-ზე წერს, რომ კორონავირუსის დადასტურების გამო, ბათუმში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შეხვედრას ვერ დაესწრება. 

ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს პოზიცია, რომ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში საქართველომ ევროატლანტიკურ გეზს გადაუხვია. მისივე აზრით, ოცნებამ უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი ევროკავშირის და აშშ-ს "გადაგდებისთვის". 

"ევროკავშირის მხრიდან საჭიროა დიაგნოზის საჯაროდ და ზუსტად დაფიქსირება, ყოველგვარი ზედმეტი დიპლომატიურობისა და ენის მოჩლექის გარეშე - რომ ოცნების მმართველობის პირობებში საქართველომ გადაუხვია ევრო-ატლანტიკურ გეზს

არც მეტი, არც ნაკლები

ამ გზავნილის გაგონება მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელსაც, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც სჯერა რომ ოცნება პროდასავლური ძალაა

ასევე, ოცნებამ უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი ევროკავშირის და აშშ-ს გადაგდებისთვის. სხვა შემთხვევაში ოცნება კიდევ უფრო გათავხედდება. ასეთი ფასი შეიძლება იყოს ინდივიდუალური სანქციები. დასასანქცირებელი ხალხის ნაკლებობას არ განვიცდით

ნებისმიერი სხვა ნაბიჯი პრეზიდენტ მიშელის მხრიდან, მათ შორის მცდელობა ხელახლა დაჯდეს ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან, ისე რომ ოცნებას წინა გადაგდებისთვის არ ჰქონდეს გადახდილი სათანადო ფასი, იქნება ფუნდამენტური შეცდომა, კიდევ უფრო გააველურებს ხელისუფლებაში მყოფ ძალას და ბევრად უფრო ღრმა კრიზისში ჩააგდებს ქვეყანას

ანუ, ეს ფულის მონა ტყიურები მაინც ვერ შეათრევენ ამ ქვეყანას რუსეთის უკანალში, ამის გარანტიას ვიძლევი

უბრალოდ მაინტერესებს ამ ბრძოლაში უნდა მქონდეს თუ არა ევროკავშირის მხრიდან ქმედითი ნაბიჯების იმედი

არაფერი სხვა ამ შეხვედრიდან მე არ მაინტერესებდა". – წერს ზურა ჯაფარიძე. 


ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში 18 ივლისს ჩამოვიდა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტები მას მედიაზე თავდასხმების შესახებ საპროტესტო ბანერებითა და გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით დახვდნენ. 

შარლ მიშელი საქართველოში ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება, რომელიც 19 ივლისს იხსნება. ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციას დაესწრებიან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ქართულ მხარეს წარმოადგენენ ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მთავრობის წევრები.

კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის  გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება.

კომენტარები