COVID-19-ის ვაქცინა

კანდელაკი: მთავრობამ MODERNA და J&J-სთან ვაქცინების წინასწარი შეკვეთა შეგნებულად ჩაშალა

გიორგი კანდელაკი

ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, მთავრობამ კომპანია Moderna-სა და Johnson & Johnson-თან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების წინასწარი შეკვეთის მოლაპარაკებები შეგნებულად ჩაშალა და ამით დაკარგა მაღალეფექტიანი ვაქცინების მიღებისა და ასეულობით სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობა. 

"მაქვს სარწმუნო ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობას ჰქონდა შესაძლებლობა, ვაქცინის წინასწარი შეკვეთა განეთავსებინა კომპანია Moderna-სთან, რა შემთხვევაშიც ამ კომპანიის ხარისხიანი და სანდო ვაქცინით ახლა განუზომლად მეტი ადამიანი იქნებოდა აცრილი და ნაკლები ადამიანი გარდაცვლილი. 

მოლაპარაკებების მიმდინარეობისას ქართულმა მხარემ Moderna-ს კონტრაქტზე ხელის მოწერაზე უარი უთხრა და ტენდერში მონაწილეობის მიღება შესთავაზა, რითაც მოლაპარაკებები ჩაშალა.

ვაქცინის საკითხი პანდემიის დროს სწორედ ის ფორს-მაჟორია, როცა ტენდერის გამოცხადება შეუძლებელია და რაც ხელში ჩაგივარდება, უნდა იყიდო. Moderna-ს წარმომადგენლებს თვალები შუბლზე აუვიდათ, ქუდი დაიხურეს და წავიდნენ". – წერს კანდელაკი. 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მოლაპარაკებების ჩაშლა აღიარა, თუმცა ზუსტი მიზეზები არ დაასახელა.

"ჩვენ პირდაპირი მოლაპარაკებები Moderna-სა და J&J-სთან დავიწყეთ, თუმცა, ეს შემდეგ აღარ განვითარდა, რადგან არ იყო გარკვეული პირობები ჩვენთვის მისაღები. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ფასის გათვალისწინება, მოწოდების ვადების გათვალისწინება, რადგან დრო მნიშვნელოვანი ფაქტორია. ყველაფერი ამის გათვალისწინებით, არჩევანი გაკეთდა იმ ვაქცინებზე, რომელიც დღეს ქვეყანაშია". – თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს, მიმოწერებს, ვაქცინის ფასებს და მოლაპარაკების სხვა დეტალებს არ ასაჯაროებს, მიზეზად სამინისტროსა და კომპანიებს შორის გაფორმებული კონფიდენციალურობის შეთანხმება სახელდება. 

გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთან არსებული კომუნიკაციის დოკუმენტაცია კომერციულ საიდუმლოს წარმოადგენს. 

კანდელაკი მოითხოვს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ გაასაჯაროოს აღნიშნული დოკუმენტები და ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთან მოლაპარაკების დეტალები. თუკი აღმოჩნდება, რომ საქართველოს მართლაც ჰქონდა მაღალეფექტიანი ვაქცინების წინასწარ შეკვეთის შესაძლებლობა, რომლითაც საქართველოს მთავრობამ შეგნებულად არ ისარგებლა, მაშინ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ყველა იმ პირის მიმართ, ვინც პასუხისმგებელი იყო გადაწყვეტილების მიღებაში. 

"მაინტერესებს, რა პირობები იყო ისეთი, რომელთაც მათ შეგნებულად არჩიეს დღეში 20-30 ადამიანამდე სიკვდილი. თუკი საქართველოს მთავრობას ჰქონდა ქუჩების შამპუნით მორეცხვისთვის ასეულ ათასობით ლარი, თუკი მთავრობას ჰქონდა კორუმპირებულ და სულელურ ე.წ. სამოგზაურო კარანტინში 65 მილიონი ლარის გაფლანგვის ფული, რა იყო ამისთანა, რომ მათ არ ჰქონდათ საშუალება, რომ წინასწარი შეკვეთა განეთავსებინათ Moderna-სა და J&J-სთან". – ამბობს კანდელაკი.

კომენტარები