კორონავირუსი საქართველოში

კალოიანი: შეზღუდვების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერებმა დღეს ბრიფინგი გამართეს, სადაც მთავრობის მიერ შეზღუდვების შესაძლო ხელახლა შემოღებასა და ამის ასაცილებლად განსახორციელებელ აუცილებელ ნაბიჯებზე ისაუბრეს.

ჯანდაცვის საკითხებში ევროპული საქართველოს მდივნის, ვახტანგ კალოიანის თქმით, ახალი შეზღუდვების ასაცილებლად საჭიროა ტესტირების მზარდი ინტენსიფიკაცია, პირველადი ჯანდაცვის რგოლის სისტემური გაძლიერება, ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საინფორმაციო კამპანიის აქტიური წარმართვა ადგილობრივ დონეზე.

"იმ ფონზე, როცა ხელისუფლება იმეორებს შარშანდელ შეცდომებს და მანიპულირებს შეზღუდვებისა და რეგულაციების მოხსნით და კრიტიკულად ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეებს ადეკვატური რაოდენობის ვაქცინებით, ძალიან მნიშვნელოვანია, უახლოეს მომავალში გადაიდგას რამდენიმე ნაბიჯი, რათა კვლავ ავიცილოთ, ერთი მხრივ, შეზღუდვები და, მეორე მხრივ, დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. 

საჭიროა ტესტირების ინტენსიფიკაცია (მინიმუმ 50000 ტესტი დღეში) და ინფიცირებული მოქალაქეებისთვის შესაბამისი დახმარების უზრუნველყოფა, ასევე, პირველადი ჯანდაცვის რგოლის, ჰოსპიტალური სექტორის ინფრასტრუქტურული და სისტემური გაძლიერება, ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა (ასაკობრივი ზღვრის შემცირება ასტრაზენეკას ვაქცინებზე), საინფორმაციო, საგანმანათლებლო პროცესის სწრაფი ორგანიზება ადგილებზე და არა პოლიტიკურ დღის წესრიგს მორგებული სარეკლამო კამპანია.

დრო ცოტაა, თუ ჩვენ ორი კვირის განმავლობაში შევძლებთ ამ ნაბიჯების თანმიმდევრულად და სწრაფად გადადგმას, ჩვენ თავიდან ავიცილებთ ძალიან დრამატულ აგვისტო-სექტემბერს და იმ უმძიმეს შეზღუდვებს, რასაც ხელისუფლება გვიანონსებს", - თქვა კალოიანმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე ლოკდაუნზე მსჯელობა არაა, თუმცა, ის რეგულაციები, რაც არსებობს, შესაძლოა კიდევ უფრო გამკაცრდეს.

კომენტარები