პურის ფასი

პური 10 თეთრით გაძვირდა - ახალი ფასი ოქტომბერ-ნოემბრამდე იქნება ძალაში

პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელის, მალხაზ დოლიძის თქმით, სუბსიდირების პროგრამის დასრულების შემდეგ პურის ფასი 10 თეთრით გაიზრდება და გაზრდილი ფასი ოქტომბერ-ნოემბრამდე იქნება, თუმცა მაღაზიებმა შესაძლოა პური 10 თეთრზე მეტად გააძვირონ. 

"ჩვენ ფასი გავზარდეთ 10 თეთრით, მაგრამ მე არ ვიცი, მაღაზიები როგორ მოიქცევიან ამ შემთხვევაში, ფასების ლიბერალიზაციაა და ზოგმა შეიძლება ამ ფასზე ცოტა მეტიც დაადოს, რაც ამ ეტაპზე არასწორი მოქმედება იქნება მათი მხრიდან, თუმცა არაა გამორიცხული, მაქვს სიგნალები, მითხრეს, რომ, მაგალითად, ნიკორას ქსელში 15 თეთრითაც მოიმატა ფასმა"

რატომ მოიმატა 10 თეთრით? თუ გახსოვთ, იყო შეთანხმება, რომ სუბსიდირებული ფქვილი მოეწოდებოდა წარმოებას 53 ლარად, დღეს ფქვილის ღირებულება არის 60, 61 და 62 ლარი, ზუსტად ამ განსხვავების გამო წარმოებისთვის აუცილებელია, რომ 10 თეთრით გაძვირდეს, რათა თვითღირებულებაში ჩაჯდეს", - თქვა დოლიძემ.

დოლიძის თქმით, ფასის ზრდა გამოწვეულია მსოფლიო ბაზარზე ფქვილის და პურის შემადგენელი თუ მის ცხობასთან დაკავშირებული სხვა კომპონენტების ფასების ზრდით, თუმცა პროგნოზი ცუდი არაა და, შესაძლოა, ფასი მომავალში შემცირდეს.

"პროგნოზი ცუდი არ არის. საქართველოში ხორბლის მოსავალი წელს, როგორც ინფორმაცია გვაქვს, ძალიან კარგია, უკვე იმპორტირებული ხორბალიც ხელმისაწვდომი ფასით შემოდის და არის საუბარი, რომ დაიკლოს ფქვილის ღირებულებამ.

ძირითადი ნედლეული არის ფქვილი, ფქვილის ღირებულება პურში არის, დაახლოებით, 60%, შესაბამისად, ის ძირითადი ერთეულია, რომელიც პურის ფასს ქმნის, ამიტომ ვფიქრობ, რომ პური მეტად აღარ გაძვირდება და ოქტომბერ-ნოემბრამდე ეს ფასი იქნება", - თქვა დოლიძემ.

ფქვილის ფასის სუბსიდირების პროგრამა პირველი ივლისიდან შეწყდა, რომელიც მთავრობამ 2020 წლის დეკემბერში დაიწყო, რაც პურზე ფასების ზრდის შეჩერებას 4 თვით ისახავდა მიზნად და პროგრამისთვის 10 მლნ ლარამდე იყო გათვალისწინებული.

პროგრამის ფარგლებში წისქვილკომბინატებს პურის საცხობი საწარმოებისთვის 1 [50 კილოგრამიანი] ტომარა ხორბლის ფქვილის გაყიდვა, მაქსიმუმ, 53 ლარად შეეძლოთ. ყოველ ტომარაში სუბსიდიის თანხა თავდაპირველად 10 ლარი იყო, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდასა და მეხორბლეების მოთხოვნასთან ერთად სუბსიდიის თანხა ჯერ 15 ლარამდე, ხოლო შემდეგ 20 ლარამდე გაიზარდა და პროგრამა კიდევ 3 თვით, ივნისის ბოლომდე გახანგრძლივდა. საერთო ჯამში, პროგრამის ფარგლებში 16 მლნ ლარამდე დაიხარჯა.

 

კომენტარები