აშშ-ს კიბერუსაფრთხოება

უდიდესი რუსული ჰაკერული დაჯგუფების, REVIL-ის ვებ-გვერდები გაითიშა 

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და გავლენიანი ჰაკერული დაჯგუფების, REvil-ის ვებ-გვერდები, სოციალური პლატფორმები, საგადასახადო საშუალებები და ფორუმები გაითიშა. 

BBC-ის ინფორმაციით, ჯერჯერობით, ზუსტი მიზეზები უცნობია, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ჰაკერული დაჯგუფება რუსეთის მთავრობის სამიზნე გახდა და გვერდების გათიშვაც სწორედ მთავრობისგან მომავალ წნეხს უკავშირდება. 

უკანასკნელ პერიოდში ჰაკერული დაჯგუფებების და, კერძოდ, REvil-ის გააქტიურებას მსოფლიოს მასშტაბით რუსეთის მიმართ მწვავე კრიტიკა მოჰყვა. 

პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის დროს კიბერუსაფრთხოება ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურად განხილული საკითხი იყო. 

ბაიდენის თქმით, მან მკაფიოდ დააფიქსირა აშშ-ის პოზიცია ჰაკერულ თავდასხმებთან დაკავშირებით და ის რუსეთისგან შესაბამისი ზომების მიღებას მოელის. 

ამ ეტაპზე, რუსეთის კიბერუსაფრთხოების სამსახურები REvil-ის ვებ-გვერდების გათიშვასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. 

REvil-ის ძირითად საქმიანობას დაუცველი სისტემების პარალიზება და გასაღების სანაცვლოდ გამოსასყიდის მოთხოვნა წარმოადგენს.  

გამოსასყიდის გადახდის შემთხვევაში, REvil პირობას იძლევა, რომ დაზარალებული პირები სპეციალურ ციფრულ გასაღებს მიიღებენ, რომლითაც შესაძლებელი იქნება კომპიუტერული ვირუსის გათიშვა და დაშიფრული ფაილების გახსნა.

პარალიზების გარდა, ჰაკერები საიდუმლო ფაილებისა და სენსიტიური ინფორმაციის გასაჯაროებითაც იმუქრებიან.
 
ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, ივნისში REvil-ის თავდასხმის სამიზნე მსოფლიოს უმსხვილესი ხორცის მწარმოებელი კომპანია JBS გახდა, რომელმაც გამოსასყიდის სახით 11 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინი გადაიხადა. 

ივლისში რუსი ჰაკერების სამიზნე ამერიკული კომპანიის, Kaseya-ს სისტემები აღმოჩნდა, რისი საშუალებით REvil-მა 1 500-მდე კომპანიის კომპიუტერული სისტემების პარალიზება გამოიწვია. 

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კიბერშეტევის გამოსასყიდად REvil-ი კომპანიებისგან 70 მილიონი დოლარის ბიტკოინს ითხოვდა

$70-მილიონიანი გამოსასყიდი ჰაკერული თავდასხმების ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

კომენტარები