მოსამართლეთა დანიშვნა

საია: 6 მოსამართლის უვადოდ დანიშვნამ კიდევ უფრო დააშორა მართლმსაჯულება გაჯანსაღებას

flickr.com

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლის უვადოდ დანიშნვას განცხადებით ეხმაურება და წერს, რომ მმართველმა ძალამ არ გაითვალისწინა, როგორც საერთაშორისო პარტნიორების, ისე ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების მოწოდებები და სასამართლოს მიმართ ნდობის კრიზისის პირობებში დაიწყო მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურები. 

"კანდიდატების მოსმენის პროცესში გამოქვეყნდა OSCE/ODIHR-ის შეფასება სადაც მიმდინარე პროცესის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსმენების ეტაპია განხილული და სადაც წერია, რომ კანდიდატები პარლამენტს წარედგინა სასამართლოს დამოუკიდებლობისადმი საზოგადოების დაბალი ნდობის პირობებში. დასკვნის მიხედვით, ამავე ეტაპზე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა პროცესების სამართლიანობა და თანასწორობა. პროცედურული წესები, რომლებიც უშუალოდ მოსმენების დაწყებამდე შემუშავდა არაადეკვატური იყო და ვერ უზრუნველყო თანმიმდევრულობა და სამართლიანი პირობები.

6 ივლისს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა კანდიდატების მოსმენები დაიწყო. საკომიტეტო მოსმენებზე, კანდიდატებისთვის დასმული კითხვები ეხებოდა, როგორც სამართლებრივ, ისე ღირებულებით საკითხებს, სამუშაო გამოცდილებასა და მოსამართლე კანდიდატთა მიერ წარსულში განხილულ საქმეებს. კანდიდატთა ნაწილი, ზოგიერთ შემთხვევაში ვერ პასუხობდა მარტივ სამართლებრივ შეკითხვებსაც კი. ერთ-ერთმა კანდიდატმა უარი განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემაზე. ეს დამოკიდებულება, არა მხოლოდ პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის, არამედ ზოგადად, პროცესის მიმართ უპატივცემულობის გამომხატველია და უარყოფით შეფასებას იმსახურებს". – წერს საია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანახმად, მოსამართლეების დანიშვნამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სასამართლოს დამოუკიდებლობას, გაამყარა მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის, კლანის პოზიციები უზენაეს სასამართლოში და კიდევ უფრო დააშორა მართლმსაჯულების სისტემა გაჯანსაღების პერსპექტივას. 

"მიუხედავად კანდიდატების კომპეტენციასთან და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებული კითხვებისა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კონკურსის მონაწილეთა ნაწილს რეკომენდაცია გაუწია. თავის მხრივ პლენარულმა სესიამ სრულად გაიზიარა რეკომენდაციები და თანამდებობაზე 6 მოსამართლე დანიშნა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ისიც რომ თანამდებობაზე გამწესდნენ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის - კლანისადმი ლოიალური პირები და მათი ლიდერები.

გადაწყვეტილება არ დაეფუძნა პარტიათა შორის ფართო კონსენსუსს, რაც მომავალში უარყოფითად აისახება სასამართლოს მიმართ ნდობაზე. მმართველმა ძალამ არ გაითვალისწინა კონტექსტი, პარტნიორების მოწოდებები და ექსპერტული შეფასებები, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სასამართლოს დამოუკიდებლობას, გაამყარა მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის, კლანის პოზიციები უზენაეს სასამართლოში და კიდევ უფრო დააშორა მართლმსაჯულების სისტემა გაჯანსაღების პერსპექტივას". – წერია განცხადებაში.


საერთაშორისო პარტნიორების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების მოწოდებების მიუხედავად, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლე უვადოდ დანიშნა. დანიშნული მოსამართლეები არიან:

  • გოჩა აბუსერიძე – 79 მომხრე, 5 წინააღმდეგი 
  • გიორგი გოგიაშვილი – 79 მომხრე, 4 წინააღმდეგი
  • ლევან თევზაძე – 77 მომხრე, 6 წინააღმდეგი
  • რევაზ ნადარია  – 77 მომხრე, 6 წინააღმდეგი
  • ბიძინა სტურუა – 78 მომხრე, 6 წინააღმდეგი 
  • ლაშა ქოჩიაშვილი – 79 მომხრე, 5 წინააღმდეგი

პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს: ეკა ზარნაძეს, გიორგი შავლიაშვილს, ქეთევან მესხიშვილს.

განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ ოპოზიციონერი დეპუტატების უმეტეს ნაწილს. 

9 ივლისს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODHIR) საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში წარადგინა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესში არსებულმა ნაკლოვანებებმა რისკის ქვეშ დააყენა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, მიუხედავად გარკვეული გაუმჯობესებისა გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების საკითხებში.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩები პარლამენტს შესაბამისი რეფორმების გატარებამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებისკენ მოუწოდებდნენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა გრძელდება საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციის მიუხედავად, რომ შეჩერდეს პროცესი რეფორმების გატარებამდე.

17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა. ამის არგუმენტად კი მოსამართლეთა არასაკმარის რაოდენობა მოიყვანეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარ შეთანხმებაში, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, სასამართლო რეფორმის შესახებ ნაწილის ერთ-ერთი პუნქტია, რომ ხელისუფლებამ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია: 

პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას.

ევროკომისია წერს, რომ საქართველოს მხრიდან ვენეციის კომისიის რეკომენდაციის უგულებელყოფა და უზენაესი მოსამართლეების ნაჩქარევად დანიშვნა მაკრო-ფინანსურ დახმარებაზე უარყოფითად იმოქმედებს. 


აპრილში გამოქვეყნდა სასწრაფო დასკვნა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებთან, უზენაესი მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით.

ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაციები იყო:

  1. განიხილოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის
  2. შეჩერდეს დანიშვნის პროცედურა მანამ, სანამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა
  3. იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს კანდიდატებს შორის თანასწორობა, შესაძლოა, საჭირო იყოს არჩევის პროცედურის ხელახლა დაწყება 

კომენტარები