ოპერატორის გარდაცვალება

წულუკიანი ლაშქარავაზე: მე არ ვფიქრობ, რომ 5 ივლისის მსხვერპლია

თეა წულუკიანი

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ტელეკომპანია პირველის გარდაცვლილ ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავაზე, საუბრისას ამბობს, რომ ის 5 ივლისის მსხვერპლი არ არის.

"მე არ ვფიქრობ, რომ ეს კონკრეტული მსხვერპლი არის 5 ივლისის მსხვერპლი. თქვენ ყველას გაქვთ თქვენი აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ მე მაქვს ჩემი აზრის უფლება. ეს არავის აუკრძალავს და ვერც აკრძალავს. მე მაქვს ჩემი ვარაუდი, რომ ეს არ არის კავშირში 5 ივლისთან. შეიძლება, ეს არ დადასტურდეს ან ის არ დადასტურდეს, რაც თქვენ გგონიათ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ უნდა დაველოდოთ შედეგს.თქვენ ბრძანეთ, რომ 5 ივლისი მოხდა და იყო მსხვერპლი, მსხვერპლი არ ყოფილა 5 ივლისს. მსხვერპლი დადგა რამდენიმე დღის შემდეგ. ოღონდ, ეს იყო თუ არა იმის მსხვერპლი, მე ვფიქრობ, რომ არ იყო. 

[...] ფსიქოზი, რაც მეფობს ქვეყანაში, ამგვარი ტიპის მოკლე ჩართვები, რომ ასე იყო და ასე მოხდა - ამ დროს, არ ვიცით, კიდევ უფრო აძლიერებს ამას და მე, როგორც 1 ადამიანი, ჩემ ფუნქციას ამაშიც ვხედავ, რომ მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებით ვაკეთოთ შეფასებები. იმიტომ, რომ ზოგადი ფონი რაღაცნაირად დამშვიდდეს და დაწყნარდეს". – ამბობს თეა წულუკიანი საზოგადოებრივ მაუწყებელთან. 

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყება ამტკიცებს, რომ ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკი აღმოჩნდა და, შესაძლოა, ყოფილიყო ზედოზირება.

ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პარლამენტთან გამართული აქციის ორგანიზატორები პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის, მთავრობისა და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვენ. 

TV პირველის გადამღებ ჯგუფზე ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთი ორკი ჰყავს დაკავებული. ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას თქმით, მათ ოცამდე მოძალადე სცემდა. 

კომენტარები