ოპერატორის გარდაცვალება

"წუხს ძალიან მისი უწმინდესობა" – არქიმანდრიტმა იოანემ ლექსო ლაშქარავას ოჯახს მიუსამძიმრა

გარდაცვლილი ოპერატორის ცხედარი ექსპერტიზიდან სახლში ღამე გადაასვენეს. გვიან ღამითვე, ლექსო ლაშქარავას ოჯახში პატრიარქის სახელით მივიდა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი.

"შეპირებული ყოფილა ერთ-ერთი ადამიანი, რომ უწმინდესთან შეეხვედრებინა. ვერ მოხდა ეს შეხვედრა, სამწუხაროდ, და სამწუხაროდ, გარდაიცვალა ეს ადამიანი, ძალიან დასანანია, რა თქმა უნდა.

უსამძიმრებს უწმინდესი და ყველა სამღვდელოება მისი ოჯახის წევრებს. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა გადმოვეცი და სამძიმარი ვუთხარი. რა თქმა უნდა, რამე ისეთი რომ იყოს, აქ მოვიდოდი, ხო? წუხს ძალიან მისი უწმინდესობა და გამომგზავნეს, რომ პანაშვიდი გადამეხადა. დანარჩენზე, პოლიტიკოსები რას ამბობენ, მე ხომ არ დავიწყებ მათზე ლაპარაკს.

პასუხისმგებლობა, ალბათ, არის მთელი საზოგადოების, რომ არ გვიყვარს ერთმანეთი". –თქვა არქიმანდრიტმა.

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავას ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. 

ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პარლამენტთან გამართული აქციის ორგანიზატორები პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის, მთავრობისა და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვენ. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში აქცია დღეს, 11 ივლისს, 18:00 საათზე ისევ გაიმართება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არ იქნება სწორი, გამოძიებამ ლაშქარავას გარდაცვალების საქმეში წინასწარ ისაუბროს ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებაზე, თუმცა გამოძიებაში ეს ვერსია განიხილება.

შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

TV პირველის გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ო.გ. და ც.ჩ. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

კომენტარები