ღირსების მარში

Tbilisi Pride-ს ოფისში შეჭრისთვის ბრალდებულ 3 პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისი პრაიდის ოფისში შეჭრისთვის ბრალდებულ 3 პირს - გიორგი ოძელაშვილს, ალიკა ალაზოვს და გიორგი ელისბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძემ მიიღო, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დაცვის მხარე დაკავებულების 2 000 და 5 000-5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა და აცხადებდა, რომ "ისინი გმირები არიან".

სხდომას ესწრებოდნენ ბრალდებულებიც. გიორგი ოძელაშვილმა დუმილის უფლებით ისარგებლა, ალიკა ალაზოვი და გიორგი ელისბარაშვილი კი თავს დამნაშავედ არ ცნობენ/. ელისბარაშვილის თქმით, "გარდა იმისა, რომ ლგბტ დროშა ჩამოვხსენით და საქართველოს დროშა ჩამოვკიდეთ, სხვა დანაშაული არ ჩაგვიდენია და თუ ეს დანაშაულია, ავანაზღაურებთ".

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძის შეფასებით, არსებობს მიმალვის, მტკიცებულების განადგურების და ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. მისი თქმით, გამოძიება სულ რამდენიმე დღის დაწყებულია და რთულია პროგნოზირება, რომ ბრალდებულები არ მიიმალებიან. მოსამართლის განმარტებით, აღკვეთის სხვა ღონისძიების გამოყენება მიზანშეუწონელი იყო.

თბილისი პრაიდის ოფისზე თავდასხმაში ბრალდებულები 8 ივლისს დააკავეს. შსს-ს ცნობით, "გ.ე.-მ, ა.ა.-მ და გ.ო.-მ 5 ივლისს, თბილისი პრაიდის ოფისის მფლობელების ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შეაღწიეს ოფისის აივანზე, რასაც მოჰყვა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება, განადგურება".

დაკავებული პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნას და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდა ამ სამი პირისა, 5 ივლისს, ღირსების მარშის კონტრაქციაზე ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის და მათზე ფიზიკური ძალადობისთვის 12 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეეფარდა. კიდევ დააკავეს 4 ორკი და ბრალი წარუდგინეს - ერთს.

კომენტარები