ჟურნალისტებზე ძალადობა

5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის კიდევ 4 პუტინისტი ორკი დააკავეს

მედიაჩეკერი

პოლიციამ 5 ივლისს თბილისში გამართულ აქციაზე ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე კიდევ 4 პირი დააკავა. მათ ბრალად ფორმულას ჟურნალისტის და ფოტოგრაფის, იმედის ოპერატორის,  რადიო თავისუფლების ჟურნალისტზე ფიზიკური ძალადობა ედებათ.

"დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე თბილისი პრაიდის საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ბრალდებულმა, 1991 წელს დაბადებულმა რ.კ.-მ ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტს, პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ბრალდებულმა - 1985 წელს დაბადებულმა გ.ნ.-მ იმედის ოპერატორს, ამავე დღეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ხელი შეუშალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში.

ბრალდებულმა - 1985 წელს დაბადებულმა თ.ბ.-მ, აქციის მიმდინარეობისას, ტელეკომპანია ფორმულას ფოტოკორესპონდენტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ხელი შეუშალა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.

ბრალდებულმა - 1984 წელს დაბადებულმა გ.კ.-მ ვაკეში, მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე რადიო თავისუფლების ჟურნალისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა" - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2 (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობის მუქარით), 156-ის მე -2 ნაწილის "ა" (ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ძალადობით ან ძალადობის მუქარით) და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) მიმდინარეობს.

5 ივლისს, ღირსების მარშის კონტრაქციაზე ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის და მათზე ფიზიკური ძალადობისთვის 12 პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეეფარდა. 

კომენტარები