ევროკავშირი

ევროკავშირმა BMW და VOLKSWAGEN-ი 1 მილიარდი დოლარით დააჯარიმა

ევროკავშირმა გერმანული ავტოკონცერნები, BMW და Volkswagen Group-ი კონკურენციის შეზღუდვის გამო 1 მილიარდი დოლარით დააჯარიმა.

კომისიის განმარტებით, BMW, Volkswagen, Mercedes-Daimler, Audi და Porsche ერთმანეთთან არაფორმალური შეთანხმებით ზღუდავდნენ ინოვაციას და პროგრესს. 

მათ ჰქონდათ ტექნოლოგიური შესაძლებლობები, ეწარმოებინათ ისეთი შიგაწვის ძრავები, რომლებიც გარემოსთვის გაცილებით ნაკლებად  საზიანო ნარჩენებს გამოყოფდნენ, თუმცა ამ შეთანხმების საფუძველზე ისინი არ იყენებდნენ ამ ტექნოლოგიას. 

"ხუთი ავტომწარმოებელი კომპანია ფლობდა ისეთ ტექნოლოგიას, რომელსაც შეეძლო ევროკავშირის გარემოსდაცვით სტანდარტებზე გაცილებით უკეთესი პროდუქტების წარმოება და მავნე გამონაბოლქვის შემცირება. 

თუმცა მათ თავი აარიდეს კონკურენციის გზით ამ ტექნოლოგიის სრული პოტენციალის გამოყენებას და აუცილებელ მინიმუმზე უკეთესი შედეგების ჩვენებას". – წერია კომისიის განმარტებაში. 

ექსპერტების შეფასებით, მთავარი მიზეზი რის გამოც ავტომწარმოებლები შეთანხმებულად თავს არიდებდნენ ე.წ. "სუფთა ტექნოლოგიის" გამოყენებას ისაა, რომ ძრავის სიმძლავრესა და გამონაბოლქვის შემცირებას შორის საპირისპირო მიმართებაა – ერთი მახასიათებლის ზრდა იწვევს მეორეს შემცირებას. 

CNBC-ის ცნობით, ავტომწარმოებლების არაფორმალური შეთანხმების შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის მარეგულირებელ ორგანოს Mercedes-Daimler-ის წარმომადგენლობამ მიაწოდა და ეს გახდა მიზეზი იმისა, თუ რატომ არ დააჯარიმეს Mercedes-იც. 

ჯერჯერობით, გამოძიება არ დასრულებულა და, შესაძლოა, ჯარიმები სხვა კომპანიებსაც შეეხოს. 
 

კომენტარები