ტოკიოს ოლიმპიადა

კორონავირუსის გამო, ტოკიოს ოლიმპიადას მაყურებელი ვერ დაესწრება

BBC

კორონავირუსით ინფიცირების მომატებული შემთხვევების გამო იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

პრემიერმინისტრ იოშიჰიდე სუგას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა 12 ივლისიდან 22 აგვისტოს ჩათვლით გამოცხადდება. შეზღუდვები შეეხება ტოკიოს ოლიმპიადასაც, რომელიც 23 ივლისს დაიწყება და 8 აგვისტოს დასრულდება.  

"კორონავირუსით ინფიცირების გაზრდილი შემთხვევების გამო ამ რთული გადაწყვეტილების მიღება გვიწევს. უფლება არ გვაქვს, ვირუსის გავრცელებას შევუწყოთ ხელი. სიტუაციიდან გამომდინარე, ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას". – განაცხადა სუგამ.

რიგით 32-ე ოლიმპიადა 2020 წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო, თუმცა ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო. სპორტულ ღონისძიებაში 209 ქვეყნიდან 11 091 ათლეტი მიიღებს მონაწილეობას. 

ტოკიოში ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო პერიოდში იზრდება, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ოლიმპიადის ჩატარებას ეწინააღმდეგება და მისი გადადება ან გაუქმება სურთ. იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გაზეთის ასაჰი შინბუნის გამოკითხვის თანახმად,მოსახლეობის 80% ოლიმპიური თამაშების გაუქმებას ემხრობა.

იაპონიაში ინფიცირების ახალი ტალღა აპრილში გავრცელდა, თუმცა მთლიანობაში ქვეყანაში გავრცელების მაჩვენებელი არც ისე მაღალია. 126 მილიონ ქვეყანაში პანდემიის დაწყების შემდეგ ვირუსით 14 900 ადამიანი გარდაიცვალა.

7 ივლისს იაპონიაში კორონავირუსის 2 180 ახალი შემთხვევა აღირიცხა, მათგან 920 ტოკიოში, რაც 13 მაისის შემდეგ ახალი შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობაა.

აღსანიშნავია, რომ იაპონიაში ვაქცინაციის პროცესი საკმაოდ ნელია. ჯერჯერობით აცრილი მოსახლეობის 15%-ია. 

მთავრობას იმედი აქვს, ტოკიოსა და ოსაკაში, ორ ქალაქში სადაც ვირუსი ყველაზე მეტადაა გავრცელებული, 65 წელს ზევით მოსახლეობა ივლისის ბოლომდე სრულიად იქნება აცრილი.

კომენტარები