სასამართლო სისტემა

ჯანეზაშვილი: ჩვენი მოსამართლეები არ არიან პატრიოტები, რომ იყვნენ მოემსახურებოდნენ ქვეყანას

ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეების განცხადებას ეხმაურება, სადაც ისინი ირწმუნებიან, რომ პატრიოტები არიან და დგანან სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე.

ამის შესახებ მან მთავარი არხის ეთერში თქვა.

"მახსენდება ჩვენი მოსამართლეების ერთ-ერთი ბოლო განცხადება, სადაც ამბობდნენ, რომ ისინი არიან პატრიოტები. მე სულ ვამბობდი, რომ ჩვენი მოსამართლეები არ არიან პატრიოტები. ისინი რომ პატრიოტები იყვნენ და ეს ქვეყანა უყვარდეთ, იქნებოდნენ სხვა ტიპის საჯარო მოხელეები, იქნებოდნენ უფრო პასუხისმგებლიანი ადამიანები და მოემსახურებოდნენ ჩვენს ქვეყანას იმ პასუხისმგებლობიდან, რომელიც მათ დაეკისრათ". - ამბობს ჯანეზაშვილი. 


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა 27 ივნისს, მოსამართლეთა შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ რამდენიმე მოსამართლის აღქმაში არსებობს მოსაზრებები, რომ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების ქმედებები არ შეესაბამება დემოკრატიულ, სამართლებრივ და სუვერენულ სახელმწიფოსთან ურთიერთობის პრინციპებს.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩები პარლამენტს შესაბამისი რეფორმების გატარებამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.


უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა გრძელდება საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციის მიუხედავად, რომ შეჩერდეს პროცესი რეფორმების გატარებამდე.

17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა. ამის არგუმენტად კი მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობა მოიყვანეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარ შეთანხმებაში, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, სასამართლო რეფორმის შესახებ ნაწილის ერთ-ერთი პუნქტია, რომ ხელისუფლებამ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია: 

პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას.


აპრილში გამოქვეყნდა სასწრაფო დასკვნა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებთან, უზენაესი მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით.

ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაციები იყო:

  1. განიხილოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის;
  2. შეჩერდეს დანიშვნის პროცედურა მანამ, სანამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა;
  3. იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს კანდიდატებს შორის თანასწორობა, შესაძლოა, საჭირო იყოს არჩევის პროცედურის ხელახლა დაწყება. 

კომენტარები