ვაქცინაცია საქართველოში

გაბუნია: დამაიმედებელი ინფორმაცია გვაქვს, რამდენიმე დღეში Astrazeneca-ს ვაქცინები შემოვა

ჯანდაცვის მინისტრის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, დაპირებული Astrazeneca-ს ვაქცინები საქართველოში რამდენიმე დღეში შემოვა. მისი თქმით, ქვეყანაში ჯერჯერობით საკმარისი დოზები არის მოქალაქეების ასაცრელად. 

"ასტრაზენეკაზე ვაქცინაცია 10-დან 12 კვირამდე შესაძლებელია ყველგან. რეგიონში, შესაძლოა, საჭირო გახდეს რამდენიმე ადამიანის თავმოყრა ერთად, რომ თავიდან ავიცილოთ დანაკარგი. 10 ადამიანი თუ არ შეგროვდა ვაქცინაციისთვის, ეს იქნება ვაქცინის არაეფექტური გამოყენება, ამდენად, ასეთი დეფიციტური გამოყენების პირობებში ამას ვერიდებით. რაც შეეხება შემოტანის თარიღს, დამაიმედებელი ინფორმაცია გვაქვს unicef -დან, რომ მომდევნო რამდენიმე დღეში ის დაპირებული ვაქცინები ქვეყანაში შემოვა. ჯერჯერობით საკმარისი დოზა გვაქვს იმისათვის, რომ 10-12 კვირის ეპიზოდზე ყველა აიცრას, ასევე იცრებიან ის პირებიც, ვინც გადაუდებელი საჭიროების გამო მოგზაურობისთვის ჰქონდათ უკვე ბილეთები აღებული". – ამბობს თამარ გაბუნია. 

კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინით მოქალაქეების აცრა შეფერხებით მიმდინარეობს. მოქალაქეებმა, რომლებიც AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზით უკვე აიცრნენ, მეორე დაჯავშნილი დოზა ვერ მიიღეს, 21 ივნისს, ვაქცინაციამდე 1 დღით ადრე, მათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან შეტყობინება მიიღეს, რომ ჯავშანი შეჩერებულია. 

კომენტარები