ინფლაცია

სებ-ის ვიცეპრეზიდენტი: ინფლაცია მომდევნო თვეებშიც მაღალ დონეზე შენარჩუნდება

სებ

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას თქმით, ინფლაციის მაღალი დონე მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება, თუმცა კლების ტენდენციით და მიზნობრივ მაჩვენებელს, 3%-ს 2022 წლის მეორე კვარტალიდან დაუახლოვდება.

"დღეს ყურადსაღებია საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდა, რაც, ძირითადად, სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე აისახა - ხორბალი, ზეთი, ასეთ პროდუქტებზე საკმაოდ არის ფასები გაზრდილი. ჩვენი პროგნოზით, ინფლაცია მაღალ დონეზე შენარჩუნდება, მომდევნო თვეებში ის გააგრძელებს მაღალ დონეზე შენარჩუნებას, თუმცა უკვე კლების ტემპი ექნება. დღეს არსებული პროგნოზით, მომდევნო წლის მეორე კვარტალიდან, ვფიქრობთ, რომ დაუბრუნდება ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს, შესაბამისად, ჩვენ ამ ეტაპზე ვაპირებთ, რომ გამკაცრებული პოლიტიკა შედარებით უფრო ხანგრძლივად შევინარჩუნოთ", - თქვა ლეჟავამ.

საქსტატის მონაცემებით, ინფლაციის წლიურმა დონემ ივნისში 9.9 პროცენტი შეადგინა და 10-წლიან მაქსიმუმზეა, წინა თვესთან შედარებით კი - 0.7 პროცენტი. 

კონკრეტული ჯგუფების მიხედვით ფასების ზრდა ასეთია:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.78 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (47.1 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (16.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13.7 პროცენტი), თევზეული (11.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (10.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (7.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (7.2 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (5.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (5.3 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-19.5 პროცენტი);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 22.0 პროცენტით, რაც 2.54 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (33.4 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.8 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.6 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 10.5 პროცენტიანი მატება, რაც 1.59 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (14.0 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.3 პროცენტი), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა საცხოვრებელზე ფაქტობრივი გადასახადის ქვეჯგუფზე (-6.5 პროცენტი)

კომენტარები