ვაქცინაცია საქართველოში

ტიკარაძე AstraZeneca-ზე: ვინც მე-10-დან მე-12 კვირამდე უნდა აიცრას, უახლოეს დღეებში შეეძლებათ

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, იმ პირებისთვის, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინა მე-10-დან მე-12 კვირამდე უნდა მიიღონ, აცრას უახლოეს დღეებში შეძლებენ. მინისტრის თქმით, აღნიშნული დოზები ქვეყანაში დონაციის გზით შემოვიდა. 

"COVAX-პლატფორმასთან მიმართებით ჩვენ ჯერ არ გვაქვს დაზუსტებული თარიღი, თუმცა, რაც შეეხება დონაციას, იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე რეგისტრირებულები არიან და ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ 10-დან 12 კვირამდე მიიღონ მათი კუთვნილი ვაქცინა, მოლაპარაკებები დასრულებულია და უახლოეს დღეებში მათ ექნებათ განახლებული ხელმისაწვდომობა ვაქცინაზე. არანაირი წყვეტა ამ კომპონენტში არ იქნება". – თქვა ტიკარაძემ. 

კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინით მოქალაქეების აცრა შეფერხებით მიმდინარეობს. მოქალაქეებმა, რომლებიც AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზით უკვე აიცრნენ, მეორე დაჯავშნილი დოზა ვერ მიიღეს, 21 ივნისს, ვაქცინაციამდე 1 დღით ადრე, მათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან შეტყობინება მიიღეს, რომ ჯავშანი შეჩერებულია. 

კომენტარები