TDI-ის ანგარიში

პანდემიისას სახელმწიფომ უგულებელყო რელიგიურ გაერთიანებებს შორის თანასწორობა – TDI

ტაბულა

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) საქართველოში რელიგიის თავისუფლების შესახებ 2020-2021 წლების ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ პანდემიის პერიოდში სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვა, უგულებელყო რელიგიურ გაერთიანებებს შორის თანასწორობა და რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთდამოუკიდებლობა. ორგანიზაციას მაგალითად მოჰყავს რელიგიური დღესასწაულების პერიოდში გადაადგილების შეზღუდვის შერჩევითად მოხსნა . 

"2020 წლის 17 აპრილიდან 27 აპრილამდე საქართველოში აკრძალული იყო ავტომობილით გადაადგილებაც. აღნიშნული შეზღუდვის საფუძვლად საქართველოს მთავრობამ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობის მაღალი მობილობის რისკი დაასახელა. ეს აკრძალვა მთავრობამ მხოლოდ ერთი დღით ადრე, 16 აპრილს გამოაცხადა. 17 აპრილს, მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მათ არ შეუთანხმა აღნიშნული აკრძალვა, მაგრამ მთავრობასთან სატელეფონო საუბრით გაარკვიეს, რომ ეკლესიის სასულიერო პირებს, მგალობლებს და სტიქაროსნებს მიეცემათ ავტომობილით გადაადგილების უფლება.

მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსგან განსხვავებით, სხვა რელიგიური ორგანიზაციების სასულიერო პირებისთვის მთავრობას მსგავსი შეღავათი არ გამოუცხადებია. მათ რამდენიმედღიანი ძალისხმევა დასჭირდათ, რომ ინდივიდუალურად მოეპოვებინათ ლიმიტირებული რაოდენობის ავტომობილებით გადაადგილების სპეციალური საშვები. განსაკუთრებული პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ ის რელიგიური გაერთიანებები, რომლებიც ეწევიან უწყვეტ სოციალურ საქმიანობას (აქვთ თავშესაფრები, სასადილოები, საკვებითა და სამედიცინო სერვისებით ეხმარებიან ადამიანებს და სხვა)". – ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში. 

TDI აღნიშნავს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებით, არადომინანტურ რელიგიურ ჯგუფებს საშვები ლიმიტირებულად მიეცათ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განმარტებით, უწყებამ უშუამდგომლა 14 რელიგიურ გაერთიანებას, ჯამში 228 საავტომობილო საშვის მისაღებად. ამ რელიგიური გაერთიანებებიდან, ექვსმა მიიღო თითო საშვი, ექვსმა ორ-ორი, ერთმა – 13, ხოლო ერთმა 197. სააგენტო აღნიშნავს, რომ საშვის მისაღებად არადომინანტური რელიგიური გაერთიანებებისთვის არ არსებობდა ლიმიტი და დახმარება მიიღო ყველა მსურველმა, თუმცა TDI-ს მიერ გამოკითხული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მათ არ მისცეს საჭირო რაოდენობის საშვები და ხშირ შემთხვევაში, რელიგიურ გაერთიანებას მხოლოდ ერთ საშვს აძლევდნენ. 

"დიფერენცირებულ მიდგომას თან ერთვოდა უმაღლესი თანამდებობის პირების დისკრიმინაციული შინაარსის განცხადებები. 2020 წელს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ეკლესიები არ დაიხურება, რადგან საქართველო "მართლმადიდებლური სახელმწიფოა". პრემიერის აღნიშნული განცხადება ნათლად ავლენს მთავრობის პრეფერენციულ დამოკიდებულებას მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ. მსგავსი მიდგომა კი ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობისა და თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს; გარდა ამისა, უგულებელყოფს სეკულარული სახელმწიფოს იდეას – რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთგამიჯვნის ფუნდამენტურ პრინციპს". – ნათქვამია ანგარიშში. 

საყოველთაო რელიგიური დღესასწაულების პერიოდში პანდემიის გამო დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა შერჩევითად შემსუბუქდა მხოლოდ მართლმადიდებლებისთვის. შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ამას იმით ხსნიდნენ, რომ ქვეყანაში მართლმადიდებელი მრევლის რაოდენობა მეტია.

კომენტარები