ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) დოკუმენტს აქვეყნებს, რომელშიც აღწერილია 2024 წლის 25 სექტემბრიდან 25 ოქტომბრამდე, წინასაარჩევნო პერიოდში რელიგიის თავისუფლების, თანასწორობის და სეკულარობის კუთხით არსებული გარემო.
TDI-ს მონიტორინგი მოიცავს საჯარო უწყებების, პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკოსების და საჯარო პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და აქტივობებს.
"ძირითადი მიგნებების" თავში საუბარია იმაზე, რომ ქართული ოცნება აქტიურად მიმართავს ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო, ანტიდემოკრატიულ და ანტიდასავლურ პროპაგანდას, რომელშიც ცენტრალურ საკითხად მართლმადიდებელი ეკლესიის, "ღირებულებების" და "ტრადიციების" დაცვაა წამოწეული.
დოკუმენტში საუბარია მმართველი პარტიის წინასაარჩევნო ბანერებსა და ვიდეოკლიპებზე, რომლებშიც მანიპულირება ხდება რელიგიით, რუსეთის მიერ დაბომბილი უკრაინის კადრებით, ხოლო მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ოცნება აგრძელებს ეკლესიისა და მართლმადიდებლობის თემებით სპეკულირებას და საარჩევნო დაპირებად აცხადებს კონსტიტუციაში "მართლმადიდებლობის განსაკუთრებული როლის" ასახვას.
დოკუმენტში ასევე საუბარია, ეკლესიისა და სარწმუნოების დაცვის არგუმენტით დასავლური სამყაროს, NGO-ების, ოპოზიციური პარტიების "დასავლურ აგენტურად" წარმოჩენაზე.
TDI-ს კვლევაში ხაზგასმულია მმართველი პარტიისა და ხელისუფლების წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ტაძრებში მათი ხშირი სტუმრობა და სასულიერო პირებთან ერთად საჯაროდ გამოჩენა.
"მიმდინარე წლის მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბერში, მთავრობამ მართლმადიდებელ ეკლესიას 11 062 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და შენობა-ნაგებობები საკუთრების, ხოლო 217 008 კვ.მ სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო მიწები 99 წლის ვადით უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადასცა.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებებში ჩანს სახელისუფლებო პარტიის და მისი პროპაგანდისტული, ანტიდემოკრატიული ინიციატივების მხარდაჭერა. მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქების ნაწილი, ხელისუფლების მხარდაჭერასთან ერთად,ავრცელებენ სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და დასავლეთის საწინააღმდეგო განცხადებებს.
წინასაარჩევნოდ ხელისუფლებასთან აფილირებულმა მედიამ და ჯგუფებმა, პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით, ქსენოფობია და არმენოფობია გაააქტიურეს. არმენოფობიური კამპანია კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მიმდინარეობდა". - ვკითხულობთ დოკუმენტში.





