ევროპული საქართველო 2021

ბოკერია: ჟვანიას სახელმა სიმბოლური დატვირთვა შეიძინა, მაგრამ გადამწყვეტი ეს არ არის

დიმა ჩიკვაიძე

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, თამარ ჟვანიას გადადგომა ვერ უზრუნველყოფს იმ პრობლემის შეცვლას, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ნაწილია სახელისუფლებო მანქანის.

ამის შესახებ ბოკერიამ ტელეკომპანია პირველის ეთერში ისაუბრა. ის ამბობს, რომ მიუხედავად მტკიცებულებების არარსებობისა, სრული საფუძველი აქვს იმის ფიქრის, რომ თამარ ჟვანიას გადადგომის გადაწყვეტილება მიღებული იყო ივანიშვილის გარემოცვის მიერ - თუნდაც, ამაში ქართული ოცნების დამფუძნებელი პირდაპირ ჩარეული არ ყოფილიყო.

"მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულება არ მაქვს, სამწუხაროდ, მაქვს სრული საფუძველი იმის, რომ ვიფიქრო, რომ ყველა ამ ტიპის გადაწყვეტილებები ხოლმე, იქნება ეს პიარზე გათვლილი თუ რამე სხვა, მიიღება ივანიშვილის გარემოცვის მხრიდან ან მისი პირადი მონაწილეობით, მაგრამ არ არის აუცილებელი, არამედ იმ ხალხთან ერთად, ვინც ამ პარტიულ მანქანას, რომელიც მართავს დღეს ქვეყანას ივანიშვილის ხელმძღვანელობით, წარმოადგენს და ქალბატონი ჟვანიას საქმიანობა მთელი ამ წლების განმავლობაში იყო დასტური, რომ ის უკეთეს შემთხვევაში ჰარმონიაში იყო ამ პოლიტიკურ გუნდთან ან უარეს შემთხვევაში პირდაპირ მათ პოლიტიკურ მოთხოვნებს ასრულებდა". – თქვა მან.

ოპოზიციონერმა ლიდერმა ლაპარაკისას ხაზი გაუსვა იმას, რომ თამარ ჟვანიას გადადგომა თანამდებობიდან ვერ მოაგვარებს იმ პრობლემებს, რაც საქართველოს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა მოუტანა.

"სიმბოლური დატვირთვა შეიძინა ჟვანიას სახელმა და გვარმა, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი საკითხი, ჩვენ დიდი ხანია, გვქონდა საფუძველი გვეთქვა, რომ ვერ შეინარჩუნებს ის დიდ ხანს თანამდებობას - ქვეყნის შიგნით სამოქალაქო ჯგუფების დამოკიდებულის და ქვეყნის გარეთ მისი რეპუტაციის გამო. დამწვარი ბანქო არის, ასე რომ ვთქვათ.

შეიძლება ვნახოთ მცდელობა ქვეყნის გარეთ, მათ შორის ბრიუსელში, სადაც ვიმყოფებით ახლა, ამის "გაყიდვის", რომ ნახეთ, როგორი ნაბიჯი გადავდგით, მაშინ, როდესაც ჩვენ ის კი არ გვაინტერესებს, პერსონა ვინ არის თავმჯდომარე, გვაინტერესებს, მანქანა როგორ მუშაობს საარჩევნო ადმინისტრაციის, რომელიც ემსახურება და ეს ტრადიცია ღრმა არის, ოღონდ ივანიშვილის დროს გაღრმავდა პრობლემა ხარისხობრივად, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაციის მანქანა არის ნაწილი სახელისუფლებო მანქანის და ეს პრობლემაა, რომლის შეცვლას ვერ უზრუნველყოფს ჟვანიას გადადგომა". – თქვა მან.

დღეს, 30 ივნისს, თამარ ჟვანია ცესკო-ს თავმჯდომარეობიდან გადადგა. მან დაწერა, რომ ის არ მიდის პოლიტიკაში და არც რომელიმე სახელმწიფო თანამდებობაზე.

კომენტარები