თამარ ჟვანიას გადადგომა

ჯაფარიძე ჟვანიას გადადგომაზე: კონსტრუქციულობის თამაშია პარტნიორების დასანახად

ზურაბ ჯაფარიძე
ტაბულა

გირჩი-მეტი თავისუფლებას ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე წერს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა საერთაშორისო პარტნიორების დასანახად "კონსტრუქციულობის თამაში" და "უმნიშვნელო დათმობაა". 

ჯაფარიძის შეფასებით, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, ოცნება მუდმივ რეჟიმში ცდილობს ამ შეთანხმების იმდაგვარად "გაღუნვას", რომ მას აზრი დაუკარგოს.

"ამის ნაწილია ამნისტიის ისეთი ინტერპრეტირება, თითქოს ეს პუნქტი იქ იმისთვის ჩაიდო, რომ 20 ივნისის მოძალადეები არ დასჯილიყვნენ.

ამის ნაწილია ის, რომ მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები, მათ შორის დაკავშირებული საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან, ჯერ დაძრულიც არ არის და ჯერ კიდევ არ ვიცით, იქ რა სახის ინტერპრეტაციებს ვნახავთ დოკუმენტით გაწერილი ტექსტის.

ამის ნაწილია ის, რაც ხდება სასამართლო სისტემაში, სადაც ოცნებამ სრულად ფეხებზე დაიკიდა როგორც მიშელის ტექსტი, ისე აშშ-ს საელჩოს მიერ ამ ტექსტის მარკერით გაყვითლება, და ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს სისტემაში კლანის ფესვების გრძელვადიან ჩაბეტონებას". – წერს ჯაფარიძე.

ზურაბ ჯაფარიძე წერს, რომ ოცნება ცდილობს, იქამდე მიიყვანოს საქმე, ხელმომწერმა ოპოზიციურმა პარტიებმა თქვან, რომ მიშელის შეთანხმება ჩაიშალა.

"ეს მისცემს ოცნებას შესაძლებლობას უარი თქვას 43%-იან დათქმაზე, თავიდან აიცილოს შესაძლო ხელახალი არჩევნები და ხელი "შეთანხმებიდან გასულ" ოპოზიციას შეაწმინდოს. ერთი შეხედვით სწორედ ეს არის მათი მიზანი

ამ კონტექსტში ჟვანიას გადადგომა მხოლოდ კონსტრუქციულობის თამაშია საერთაშორისო პარტნიორების დასანახად - ყველა მნიშვნელოვანი თემის გაჭედვის ფონზე, უმნიშვნელო დათმობა". – წერს ზურაბ ჯაფარიძე. 

თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, თამარ ჟვანია ცესკო-ს თავმჯდომარეობიდან გადადგა, მაშინ, ორდესაც რამდენიმე დღით ადრე, 22 ივნისს ამბობდა, რომ გადადგომას არ აპირებდა.

კომენტარები