სასამართლო სისტემა

"სასამართლო არასდროს ისეთი დამოუკიდებელი არ ყოფილა, როგორიც დღესაა" – მოსამართლეები

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეები ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ სასამართლო ხელისუფლება საქართველოში არასდროს ისეთი დამოუკიდებელი არ ყოფილა, როგორიც დღესაა. მოსამართლეები ყველას მოუწოდებენ, შეწყვიტონ კამპანია სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.

"ჩვენ, საქართველოს მოსამართლეები ვართ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები და ვდგავართ სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე. ჩვენ ვართ სამართლის ერთგულნი და ღირსებით ვემსახურებით მისი აღსრულების საქმეს.

სასამართლო ხელისუფლება საქართველოში არასდროს ისეთი დამოუკიდებელი არ ყოფილა, როგორიც არის დღეს. დამოუკიდებელი სასამართლო კი, ნიშნავს უკეთ დაცულ ადამიანის უფლებებს, უკეთ უზრუნველყოფილ სამართლის უზენაესობას და მეტად განმტკიცებულ სამართლებრივ სახელმწიფოს". – ნათქვამია მიმართვაში. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა 27 ივნისს, მოსამართლეთა შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ რამდენიმე მოსამართლის აღქმაში არსებობს მოსაზრებები, რომ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების ქმედებები არ შეესაბამება დემოკრატიულ, სამართლებრივ და სუვერენულ სახელმწიფოსთან ურთიერთობის პრინციპებს.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩები პარლამენტს შესაბამისი რეფორმების გატარებამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.


უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა გრძელდება საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციის მიუხედავად, რომ შეჩერდეს პროცესი რეფორმების გატარებამდე.

17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა. ამის არგუმენტად კი მოსამართლეთა არასაკმარის რაოდენობა მოიყვანეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარ შეთანხმებაში, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, სასამართლო რეფორმის შესახებ ნაწილის ერთ-ერთი პუნქტია, რომ ხელისუფლებამ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია: 

პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას.


აპრილში გამოქვეყნდა სასწრაფო დასკვნა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებთან, უზენაესი მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით.

ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაციები იყო:

  1. განიხილოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის
  2. შეჩერდეს დანიშვნის პროცედურა მანამ, სანამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა
  3. იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს კანდიდატებს შორის თანასწორობა, შესაძლოა, საჭირო იყოს არჩევის პროცედურის ხელახლა დაწყება 

კომენტარები