HMS Defender-ის ინციდენტი შავ ზღვაში

ბრიტანული ხომალდი, HMS DEFENDER ბათუმის პორტში იმყოფება

HMS Defender ბათუმში
British Embassy Tbilisi

დიდი ბრიტანეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საჰაერო გამანადგურებელი ხომალდი, HMS Defender ბათუმის პორტში იმყოფება.

ხომალდის ვიზიტი შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და გაერთიანებული სამეფოს პარტნიორ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზანს ემსახურება.

HMS Defender-ი Type 45 კლასის ხომალდია, რომელიც გამანადგურებელთა შორის ერთ-ერთ საუკეთესო კლასად ითვლება. 

HMS Defender ბათუმში. ფოტო: British Embassy Tbilisi

HMS Defender-ი რამდენიმე დღის წინ რუსეთსა და ბრიტანეთს შორის დიპლომატიური დაძაბულობის მიზეზი გახდა.


შავ ზღვაში ბრიტანეთის სამეფო გამანადგურებელ ხომალდს, HMS Defender-ს რუსული საზღვაო ძალების გემმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა. ასევე, რუსულმა ავიაგამანადგურებელმა გემის წინ ბომბები ჩამოყარა. ბრიტანული გემი, რუსეთის თავდაცვის ძალების თქმით, რუსეთის წყლებში 3 კილომეტრის სიღრმეში შევიდა.

ბრიტანეთის თქმით, გამაფრთხილებელი გასროლა რუსეთის მხრიდან არ ყოფილა.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივნის, ბენ უოლასის თქმით, მათი გემი ოდესიდან საქართველოს მიმართულებით საერთაშორისოდ აღიარებული საზღვაო გზით მიდიოდა. უოლასმა ასევე დაამატა, რომ HMS Defender-ს გასასვლელ გზაზე პრობლემას უქმნიდნენ რუსული ხომალდები, რომლებიც ახლო რადიუსში ვარჯიშებს ატარებდნენ. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე სასაუბროდ გამოიძახა ბრიტანეთის ელჩი, დებორა ბრონერტი.

რუსეთის მხარის თქმით, ინციდენტი ფიოლენტის კონცხთან, ოკუპირებული ყირიმის სანაპიროებთან ახლოს მოხდა. რუსული მედიის ცნობით, გამაფრთხილებელი ცეცხლი მოსკოვის დროით 12:06-12:08-ზე გახსნეს. მათივე თქმით, ბრიტანულმა ხომალდმა რუსეთის ფედერაციის საზღვაო საზღვრები 12:23-ზე დატოვა. 

შემთხვევას მოჰყვა რუსეთის მუქარაც.

კომენტარები