ქუთაისი

ქუთაისში 21 წლის ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა – ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

ქუთაისში 21 წლის ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა. ოჯახის წევრები კლინიკა "ბომონდის" ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებენ, მათ დასჯას ითხოვენ და ამბობენ, რომ მას თანმდევი დაავადებები არ ჰქონია. შემთხვევა 20 ივნისს მოხდა.

გარდაცვლილის ქმარი ამბობს, რომ ქალი კლინიკა "ბომონდში" თვითონ მივიდა. 

"თავისი ფეხით ჩამოვიდა მანქანიდან და შიგნით შევიდა. სრულიად ჯანმრთელი იყო, ერთხელ ჰქონდა ხერხემალზე ოპერაცია გაკეთებული, ისიც რა შუაშია? ვინც იქ იყო, ჩემი აზრით, ყველას ბრალია". - ამბობს გარდაცვლილის ქმარი ტელეკომპანია პირველთან.

21 წლის ქალის ოჯახის წევრის თქმით, მას ხერხემალზე ოპერაცია წლების წინ ჩაუტარდა და საკეისრო კვეთისას ჯანმრთელი იყო. 

"დიაგნოზიც ვერ დასვეს, ბავშვი რით გარდაიცვალა, ვერ გვეუბნებიან. დაწერეს, თანმხლები დაავადებებით გარდაიცვალაო, ვერ ამბობენ, ბავშვი რით გარდაიცვალა". - ამბობს ის.   

ტაბულა მომხდარზე კლინიკა "ბომონდს" დაუკავშირდა. კლინიკაში ამბობენ, რომ გამოძიების დასრულებამდე დეტალებზე ვერ ისაუბრებენ. 

"კლინიკა "ბომონდი" კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა მწუხარებას და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. გვესმის, რომ საქმის მიმართ არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესი და სოციალურ სივრცეში ამავე საზოგადოების მხრიდან მომხდართან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. კლინიკა "ბომონდი“ არის აბსოლუტურად ღია, გამჭვირვალე სამედიცინო დაწესებულება. კლინიკა პატივს სცემს თითოეული მისი პაციენტის ინტერესებს, თითოეული პაციენტის სამედიცინო ისტორიას და სწორედ აღნიშნული მიზეზით, მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე, თავს იკავებს საქმესთან დაკავშირებით დეტალური და სრულყოფილი ინფორმაციის გავრცელებისგან. ამავდროულად, გვსურს, მოვუწოდოთ საზოგადოებას, დაელოდონ გამოძიების დასრულებას და გამოძიების შედეგებს". - ვკითხულობთ კლინიკის მიერ Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები