ევროკავშირი-რუსეთი

ევროკავშირი რუსეთზე: მიდგომა მხოლოდ მინსკის შეთანხმების დაცვით შეიცვლება

გუშინ, 24 ივნისს, ევროკავშირის სამიტზე საფრანგეთისა და გერმანიის მიერ ვლადიმირ პუტინთან სამიტის გამართვის შესახებ წამოყენებულ იდეაზე შეთანხმება ვერ მოხდა. ევროკავშირის სამიტის საბოლოო დასკვნაში წერია, რომ მიდგომის ცვლილების საწინდარი რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმების შესრულებაა. 

"ევროპული საბჭო მოუწოდებს რუსეთს, სრულად აიღოს პასუხისმგებლობა მინსკის შეთანხმების სრულად შესრულებაზე, ევროკავშირის მიდგომის ცვლილებისთვის ეს მთავარი პირობაა". – წერია განცხადებაში.

მინსკის შეთანხმება არეგულირებდა რუსეთისა და უკრაინის ვალდებულებს დონბასის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. 

ასევე, დასკვნაში ნახსენებია ევროკავშირის მოწოდება რუსეთის მიმართ, რომ შეცვალოს მტრული დამოკიდებულება ევროკავშირის წევრებისა და მათი მოკავშირე ქვეყნებისადმი. საუბარია ევროკავშირისთვის რუსეთის ქმედებების საწინააღმდეგოდ მკაცრი და კოორდინირებული საპასუხო მოქმედებების საჭიროებაზე. 

"ევროკავშირი ხაზს უსვამს რუსეთის საზარალო, უკანონო და უწესო ქმედებებზე მკაცრი და კოორდინირებული პასუხის აუცილებლობას, ამისთვის ევროკავშირის ხელში არსებული ყველა შესაძლებლობა იქნება გამოყენებული, ჩვენს პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობით". – წერია დასკვნაში. 

ასევე, ხაზი გაესვა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებთან, რომლებშიც საქართველოც შედის, პოლიტიკური, ეკონომიკური და ადამიანური კავშირების გამყარებას. 

"გვჭირდება დიალოგი ჩვენი ინტერესების დასაცავად... ეს არის ევროპის კონტინენტის სტაბილურობისთვის საჭირო დიალოგი". – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროკავშირის სამიტზე მისვლის დროს გაკეთებულ კომენტარში. პუტინთან პირდაპირი კონტაქტის თაობაზე საუბრობდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც, თუმცა საფრანგეთისა და გერმანიის ამ იდეის განხორციელებას, აღმასრულებელ დონეზე, წევრმა ქვეყნებმა, როგორც ჩანს, მხარი არ დაუჭირეს. 

სამიტის შემდეგ ანგელა მერკელმა თქვა, რომ ამ დღეს აღამსრულებელ დონეზე რუსეთთან შეხვედრაზე შეთანხმება შეუძლებელი იყო, მაგრამ დიალოგის ფორმატი შენარჩუნებულია და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს. 

ლიტვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ თქვა, რომ რუსეთსა და ევროკავშირის შორის ლიდერების დონეზე შეხვედრა ჯერჯერობით არ იქნება, რადგან რუსეთს ახალი აგრესიული ქმედებები აქვს. მისი თქმით, ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორების ინტერესის ხარჯზე არ უნდა ისარგებლოს.

 

კომენტარები