კორონავირუსი საქართველოში

დამენია ჯარიმების გაუქმებაზე: ოცნებას ერთადერთი მიზანი აქვს – ამომრჩევლის მოსყიდვა

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს წევრი, ლაშა დამენია ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას ეხმაურება, მოიხსნას კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმები და მოქალაქეები სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ. დამენიას შეფასებით, ქართული ოცნების ერთადერთი მიზანი ამომრჩევლების მოსყიდვაა. 

„პრემიერი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება ჯარიმების მოხსნასთან დაკავშირებით არის მხოლოდ ერთადერთი მიზნით, რომ ამომრჩევლების მოსყიდვა კვლავ დაიწყოს ქართულმა ოცნებამ. თუმცა აქ მთავარი უნდა ითქვას, რომ ევროპული საქართველო თავიდანვე მოუწოდებდა ხელისუფლებას, რომ ეს ჯარიმები იყო არაადეკვატური. 

დღეს, გარკვეულწილად, არასამართლიანია - ადამიანებმა გადაიხადეს ეს ჯარიმები და, თითქოს, მადლიერი უნდა ვიყოთ იმ მცირე ნაწილის ჯარიმების მოხსნისა. ამ დროს, როცა ეკონომიკა გაჭყლიტა ქართულმა ოცნებამ, პირველი რაც უნდა გაეკეთებინა და დღესაც არ არის გვიან, ეს არის გადასახადების დაწევა, რათა ეკონომიკამ წამოიწიოს და ქართველმა ხალხმა ცოტა შვება იგრძნოს". - ამბობს დამენია. 

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი, რომლითაც მოქალაქეებს კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის ჯარიმები და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოეხსნებათ. ღარიბაშვილის ინფორმაციით, ამნისტია შეეხება იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის გამო დაკისრებულ, დაახლოებით 76 000 000 ლარის გადაუხდელ ჯარიმას. 

18 ივნისს თავისუფლების ინსტიტუტმა პარლამენტს მიმართა, გამოეცხადებინათ ამნისტია, რომელიც მოიცავდა Covid-19-თან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების გაუქმებასა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას.

პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო ჯარიმა 20 ლარია, კარანტინის, იზოლაციისა და გადაადგილების შეზღუდვის გამო კი მოქალაქე 2 000 ლარით ჯარიმდება. განმეორებითი დარღვევა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს. 

კომენტარები