ფილიპინები

ფილიპინების პრეზიდენტი ადამიანებს, ვინც აცრაზე უარს ამბობს, დაპატიმრებით ემუქრება

როდრიგო დუტერტე
AP

ფილიპინების პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე ადამიანებს, ვინც აცრაზე უარს ამბობს, დაპატიმრებით ემუქრება. ფილიპინებში კორონავირუსის 1.3 მილიონზე მეტი შემთხვევა აღირიცხა, ინფექციით 23 000 ადამიანი გარდაიცვალა.

"აირჩიეთ, ან აიცრებით, ან დაგაპატიმრებთ". – თქვა დუტერტემ სატელევიზიო მიმართვაში. პრეზიდენტის კომენტარი დაკავშირებული იყო ცნობებთან, რომ დედაქალაქ მანილაში ვაქცინაციის უბნებზე მოსახლეობის აქტივობა დაბალი იყო.

როდრიგო დუტერტეს კომენტარის მიუხედავად, ქვეყანაში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ, მართალია, დაჟინებით მოუწოდებენ ხალხს აიცრან, თუმცა ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

"არასწორად არ გამიგოთ, ქვეყანაში კრიზისია. გაღიზიანებული ვარ, რომ ფილიპინელები მთავრობის მითითებებს ყურადღებას არ აქცევენ". – თქვა პრეზიდენტმა. 

ფილიპინებში დაახლოებით 2.1 მილიონი ადამიანი ვაქცინის ორივე დოზით აიცრა. ვაქცინაციის ეს ტემპი ართულებს ქვეყნის მიზნის – წლის ბოლომდე 70 მილიონი ადამიანის აცრას.

კომენტარები