ოკუპირებული აფხაზეთი

NGO-ები: მოვუწოდებთ მთავრობას, ბებუას გათავისუფლების საკითხი ჟენევის ფორმატში განიხილოს

EMC

"უფლებები საქართველო" და "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" მოუწოდებს ხელისუფლებას, გალში, აფხაზეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ირაკლი ბებუას საკითხი 29-30 ივნისს დაგეგმილ ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატში განიხილოს და ყველა დიპლომატიური და პოლიტიკური ზომა მიიღოს ბებუას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად.

განცხადების მიხედვით, დაკავებულის ოჯახისთვის ცნობილი გახდა, რომ ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მიუხედავად, ბებუას 8 თვის განმავლობაში სამედიცინო შემოწმება არ გაუვლია.

ამასთან ერთად, სხვადასხვა სტრუქტურების და პირების ილუზორული დაპირებების გამო, ირაკლი ბებუას და მის ოჯახს წაერთვა შესაძლებლობა, მიემართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის დროებითი ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, რომელიც მას საკუთარი უფლებების და უსაფრთხოების მყისიერი დაცვის შესაძლებლობას მისცემდა.

""უფლებები საქართველო" და "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" დაუკავშირდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედ უფლებადამცველ ორგანიზაციებს, სხვადასხვა დიპლომატიურ მისიას და საერთაშორისო ორგანიზაციას და სთხოვეს, ირაკლი ბებუას საქმით დაინტერესება, რაც გარკვეულწილად იყო იმის გარანტია, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ირაკლი ბებუა არ დაექვემდებარებოდა წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას და დაცული იქნებოდა მისი სიცოცხლის უფლება". – წერია განცხადებაში. 

NGO-ების თქმით, აფხაზეთის ტერიტორიაზე რეალური კონტროლის არ არსებობის მიუხედავად, საქართველოს სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება ყველა შესაძლო პოლიტიკური, დიპლომატიური, ადმინისტრაციული და სამართლებრივი ღონისძიებების მიღება კონკრეტული უფლებათა დარღვევის მსხვერპლთან მიმართებით.

"სამწუხაროდ, კონფლიქტის რეგიონებში და მასთან კავშირში ადამიანის უფლებათა პოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში სათანადოდ ინსტიტუციონალიზებული და გაწერილი არ არის, მათ შორის, არ არის სათანადოდ დანახული de facto მთავრობებთან კომუნიკაციისა და მოლაპარაკების რესურსი, რის გამოც, მთლიანობაში სახელმწიფოს მცდელობები კვლავ ფრაგმენტული, სუსტი და უფრო რეაქციული რჩება". – წერია განცხადებაში.

ირაკლი ბებუას საკითხზე ერთხელ უკვე იმსჯელეს ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატში, თუმცა რაიმე ქმედითი შედეგი აღნიშნულ განხილვას არ მოჰყოლია.

ირაკლი ბებუამ 30 სექტემბერს აფხაზეთის ომში გამარჯვებისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე, გალში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ დროშის ფერებით გაფორმებული ტილო და მასზე დამაგრებული გერბი დაწვა. ოკუპირებული აფხაზეთის საგამოძიებო სამსახურების თანახმად, ირაკლი ბებუას სახლის ჩხრეკისას ხელყუმბარა იპოვეს.  

ირაკლი ბებუას 7 დეკემბერს 9-წლიანი პატიმრობა უკანონოდ მიუსაჯეს. 

კომენტარები