კრიმინალი

შსს: მოქალაქეების საზღვარგარეთ უკანონოდ გამგზავრების ორგანიზებისთვის 1 ადამიანი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ უკანონოდ გამგზავრების ორგანიზებისთვის 1 ადამიანი - 1981 წელს დაბადებული ს.კ. ბათუმში დააკავეს. 

უწყების ცნობით, დაკავებულმა ერთ-ერთი მოქალაქის სახელზე ყალბი დოკუმენტები შექმნა - ის საზღვარგარეთ გაემგზავრა და იქ უკანონოდ დარჩა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ს.კ.-ს ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა მოქალაქის სახელზე გაცემული ავიაბილეთების ჯავშნები, სასტუმროს ჯავშნები, სამედიცინო კვლევების გაყალბებული შედეგები, რეგისტრაციის ბარათები და გასამგზავრებლად საჭირო სხვა დოკუმენტები ამოიღეს. ასევე, ამოღებულია 2 500 ლარამდე თანხა. 

"ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს მოქალაქეების უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენის ორგანიზებისა და ხელშეწყობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 344-ე პრიმა-2 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს". – ვკითხულობთ განცხადებაში. 

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები